სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი 0.25%-ით გაზარდა, შედეგად გაძვირდება იპოთეკური სესხი

პუბლიკა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2026 წლის 6 მაისის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით (პპ) გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 8.25 პროცენტს შეადგენს.

შედეგად გაძვირდება იპოთეკური სესხი.

რეფინანსირების განაკვეთი არის ის პროცენტი, რომლითაც ქვეყნის ცენტრალური ბანკი (მაგალითად, საქართველოს ეროვნული ბანკი) აძლევს სესხს კომერციულ ბანკებს.

რეფინანსირების განაკვეთს პირდაპირი კავშირი აქვს იპოთეკურ სესხთან, რადგან ის განსაზღვრავს კომერციული ბანკებისთვის ფულის ფასს: როცა საქართველოს ეროვნული ბანკი ზრდის რეფინანსირების განაკვეთს, ბანკებისთვის სესხება ძვირდება და შესაბამისად ისინი ზრდიან იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთებსაც, რის შედეგადაც მომხმარებლებისთვის ბინის სესხი უფრო ძვირი ხდება.

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული გეოპოლიტიკური ვითარებით ახსნა.

ეროვნული ბანკი ამბოობს, რომ ჰორმუზის სრუტის გავლით ტრანსპორტირების მნიშვნელოვანი შეფერხებების გახანგრძლივებამ გლობალურად ინფლაციის მორიგი მიწოდების შოკი წარმოქმნა.

„საერთაშორისო ბაზრებზე ნედლეული ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდა გლობალურად ინფლაციის ზრდაში უკვე აისახა. ამავდროულად, გეოპოლიტიკური მდგომარეობა საერთაშორისო ტრანსპორტირებას აფერხებს და მიწოდების ჯაჭვების რღვევის რისკებს აძლიერებს. ეს კი, თავის მხრივ, წარმოების ხარჯებს აძვირებს, რაც დამატებითი ინფლაციის წყარო შესაძლოა გახდეს.

ზემოაღნიშნული ნავთობის ფასების გაძვირების პირდაპირი ეფექტი საქართველოს ბაზარზეც საწვავის ფასებში უკვე აისახა. აღნიშნული მიწოდების შოკების პირდაპირი და არაპირდაპირი ეფექტების ერთობლიობის შედეგად, აპრილში, მთლიანი ინფლაცია მიზნობრივი 3 პროცენტიანი დონიდან გადაიხარა და 5.9 პროცენტი შეადგინა.

ამავდროულად, შედარებით ხისტი ფასების ინდიკატორები, რომლებიც უკეთ ასახავს გრძელვადიან ინფლაციურ პროცესებსა და ინფლაციურ მოლოდინებს, ბოლო პერიოდში დაჩქარდა, რამაც მეორე რაუნდის რისკები უფრო საყურადღებო გახადა. თუმცა დაჩქარების მიუხედავად, ინდიკატორები კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს არის.

კერძოდ, საბაზო ინფლაციამ (სურსათის, ენერგომატარებლებისა და თამბაქოს გამორიცხვით) აპრილში 3.2 პროცენტი, ხოლო მომსახურების ინფლაციამ 3.7 პროცენტი შეადგინა“, – წერს ეროვნული ბანკი.