სემეკმა ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

პუბლიკა

სემეკმა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. განცხადებას ამის შესახებ თავად სემეკი ავრცელებს.

კომისიის თქმით, სემეკის შემსწავლელ ჯგუფს შეუზღუდავი წვდომა მიენიჭა რეგულირებული საწარმოების მონაცემებსა და შესაბამის ინფორმაციებზე.

„საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე, საჯარო სხდომაზე განიხილა და დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიიღო გადაწყვეტილება 24 ივლისს საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლის შესახებ” – ნათქვამია სემეკის განცხადებაში.

გუშინ, 24 ივლისს, დაახლოებით 00:10 საათზე, ქვეყნის ენერგოსისტემაში განვითარებულმა სასისტემო ავარიულმა გათიშვამ ელექტროენერგიისა და სატელეკომუნიკაციო ქსელების შეფერხება გამოიწვია. შედეგად, თბილისსა და საქართველოს უმეტეს რეგიონში დროებით შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

ელექტროსისტემის ცნობით, მიმდინარეობს ავარიის ზუსტი მიზეზის დადგენა.

ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტის გამო ავტომატურად შეჩერდა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სატუმბო სადგურების ფუნქციონირება, რის გამოც თბილისის, რუსთავისა და მცხეთის მოსახლეობის ნაწილს წყალი შეეზღუდა.