სექტემბერში რუსებისგან უკრაინის მიწის 6 000 კვ.კ გავათავისუფლეთ - ზელენსკი

პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის თავდაცვის ძალებმა სექტემბერში რუსებისგან 6 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლა  აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინაში. 

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, სტაბილიზაციის ღონისძიებები დასრულებულია 4000 კვადრატულ კილომეტრზე, მისი თქმით, ამ ტერიტორიებზე დაკავებულია დივერსიული ჯგუფები.

ზელენსკის განცხადებით, ხარკოვის რეგიონის დეოკუპირებულ ტერიტორიებზე ყველა პენსიონერი მალე მიიღებს პენსიას ოკუპაციის თვეების ჩათვლით.

გუშინ, 13 სექტემბერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი გამოეხმაურა უკრაინის საკითხს და აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს „მნიშვნელოვან პროგრესს“ კონტრშეტევაში, თუმცა დასძინა, რომ ჯერ ნაადრევია შედეგის წინასწარმეტყველება.

„რუსები უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვნად ინარჩუნებენ ძალებს, აღჭურვილობას, იარაღს და საბრძოლო მასალას. ისინი განაგრძობენ მათ განურჩევლად გამოყენებას არა მხოლოდ უკრაინის შეიარაღებული ძალების, არამედ მშვიდობიანი მოსახლეობის და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ“, – თქვა ბლინკენმა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ბოლო კვირებში მიღწეულ წარმატებას რუსეთი უკან დახევას არ უწოდებს და აცხადებს, რომ ეს არის რუსეთის არმიის „გადაჯგუფების“ პროცესი, რათა ჯარი ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონზე ფოკუსირდეს.