შატილის გზაზე ავარიისას დაშავებულთაგან 1 აპარატიდან მოვხსენით, 2 გამარტივებულ რეჟიმზეა – ტურძელაძე

პუბლიკა

შატილის გზაზე მომხდარი ავარიის დროს დაშავებული პაციენტების მდგომარეობა გაუმჯობესდა. თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის თქმით, ერთი პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან უკვე მოხსნეს, დანარჩენი 2 კი გამარტივებულ რეჟიმზე, დამხმარე ვენტილაციაზეა დატოვებული.

„სამივე პაციენტი გაცილებით უკეთესად არის. ერთი მოხსნილია აპარატიდან, ორი გამარტივებულ რეჟიმზეა. ყველა არის გონებაზე, ადეკვატური და კონტაქტური. მათი მდგომარეობა გაცილებით უკეთესია, ვიდრე შემოსვლისას იყო“, – უთხრა „პუბლიკას“ ლალი ტურძელაძემ.

შატილის გზაზე ხევსურეთიდან მომავალი მიკროავტობუსი 17 აგვისტოს დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევას 17 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი მძიმედ დაშავდა. მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.