შევქმნათ ბერკეტები, რომ რუსული დეზინფორმაცია არ წამლავდეს ადამიანების ცნობიერებას - ნაცვლიშვილი

პუბლიკა

„საჭიროა, ჰიბრიდულ ომში რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ეფექტური კანონმდებლობა. ამ კანონმდებლობას „ლელო“ უახლოეს დღეებში დააინიციირებს“, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ანა ნაცვლიშვილმა მოუწოდა კოლეგებს, რომ ყველამ ერთად შექმნას ბერკეტები, რომელიც შეაკავებს რუსულ პროპაგანდას, რომელიც „ღიად და დაუფარავად მოედინება საქართველოში“.

„გეცოდინებათ, ევროპის საბჭომ ახლახან მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებში, მაგრამ არამხოლოდ იქ ნახსენებია ტერმინი „სამეზობლო“, სადაც აუცილებელია რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა, თუ რეალურად ევროკავშირისკენ გვინდა სიარული.  ასევე საჭიროა, ჰიბრიდულ ომში რუსულ პროპაგანდასთან და დეზინფორმაციასთან ბრძოლა და ეფექტური კანონმდებლობა. ამ კანონმდებლობას „ლელო“ უახლოეს დღეებში დააინიციირებს და ღიაა ეს პროცესი, რომ ყველამ ერთად რეალურად შევქმნათ ბერკეტები, იმისთვის, რომ რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოს ევროპულ მომავალს ძირს უთხრის, ღიად და დაუფარავად არ მოედინებოდეს საქართველოში და არ წამლავდეს ადამიანების გონებას და ცნობიერებას“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოში ომის პროპაგანდას ორგანიზაცია „ალტ-ინფო” ეწევა. ნაცვლიშვილმა კოლეგებს განუცხადა, რომ რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ მოქმედებაა აუცილებელი.

„ასევე მინდა, გითხრათ, რომ დიახ, საქართველოში არიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებსაც არამხოლოდ სურთ ომი, არამედ ომის პროპაგანდას ეწევიან. ეროვნულმა მარეგულირებელმა კომისიამ ამის შესახებ გადაწყვეტილებაში თქვა და აღნიშნა, ასეთი ორგანიზაცია საქართველოში არის „ალტ-ინფო“, რომელიც საქართველოში ღიად ეწევა აგრესიული ომის პროპაგანდას. ვიმოქმედოთ, თუ რეალურად არ გვინდა ომი ამ ქვეყანაში. გაცხადებულია უკვე, ვინ აკეთებს ამას საქართველოში და მოქმედებაა აუცილებელი“, – თქვა ნაცვლიშვილმა პლენარულს სხდომაზე.