„შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა „მთავარმა არხმა“ არ შეწყვიტოს მაუწყებლობა" - ნიკა მელია

პუბლიკა

„მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას დაკავებასთან დაკავშირებით მედიამენეჯერებს, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წევრებსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა.

როგორც შეხვედრის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა, ნიკა მელიამ განაცხადა –  „შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ „მთავარმა არხმა“ არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულის ჩამდგმელი, დამფუძნებელი და დირექტორი უკანონოდ დააპატიმრეს. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რომელიც არა მხოლოდ „მთავარი არხის“ თანამშრომლებისთვის, არამედ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია”.

„აქციებთან დაკავშირებითაც მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა „ქართული ოცნებისთვის“ ადვილად პროგნოზირებადი არ ვიქნებით. არ ვიქნებით ადვილად გამოსაცნობი ჩვენს მოქმედებებსა და გეგმების განხორციელებაში“,- თქვა ნიკა მელიამ.


ტელეკომპანია „მთავარის“ დამფუძნებელსა და მეწილეს, ნიკა გვარამიას დღეს სასამართლომ 3.6 წელი მიუსაჯა. გვარამიას 2019 წელს ბრალი 4 მუხლით წარუდგინეს. მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის დღევანდელი განაჩენით, გვარამია წარდგენილ 3 მუხლში გამართლდა.

კერძოდ, გამართლდა:

  • ყალბი დოკუმენტის, ბეჭდის, შტამპის ან ბლანკის დამზადება, გასაღება ან გამოყენება (362-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი);
  • კომერციული მოსყიდვა (221-ე მუხლის მესამე ნაწილი);
  • უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება) (194-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი).

რაც შეეხება ბრალად წარდგენილ მეოთხე მუხლს– მითვისება ან გაფლანგვა (182-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტები და ამავე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი), მოსამართლემ ბრალი გადააკვალიფიცირა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლზე (სსკ-ის 220-ე მუხლზე) და ამ ნაწილში ცნო ის დამნაშავედ.

აღნიშნული მუხლით მოსამართლემ გვარამია დამნაშავედ ორ ეპიზოდზე ცნო.

I – საუბარია ე.წ. 2015 წლის ამბავზე – ამ ნაწილში პროკურატურა გვრამიას ტელეკომპანია „რუსთავი-2-სთვის“ 6 763 509 ლარის ზიანის მიყენებაში სდებდა ბრალს. აღნიშნულ საქმეზე მოსამართლემ გვარამიას 50 000 ლარის ჯარიმა შეუფარდა.

II ეპიზოდს კი ე.წ. ავტომობილის საქმედ მოიხსენიებენ. სწორედ ამ საქმეზე მიესაჯა გვარამიას 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.