შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებას გიგი უგულავა პასუხობს

პუბლიკა

„ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, გიგი უგულავა საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადებას ეხმაურება. უგულავას თქმით, საქართველოში ან პოლიტიკური ნიშნით ზღუდავენ გადაადგილებას, ან უწყებებს შორის კომუნიკაციის არქონით, მის შემთხვევაში კი ორივე მათგანი ხდება.

„წარმოიდგინეთ, ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელიც დილის 6 საათზე მიდის აეროპორტში, აქვს ბილეთი, ჩაბარებული აქვს ბარგი, არ უშვებენ და შემდეგ ასეთ ახსნებს ეუბნებიან. ასე შუშის თვალებით, დამცინავად, მათ შორის ფინასური ზიანის მიყენებით და ა.შ, იქცევა პუტინის რუსეთი და ძალიან სამწუხაროა, რომ ყოველწლიურად ჩვენი ხელისუფლება სულ უფრო მეტად და მეტად ემსგავსება პუტინის რეჟიმს“, – განაცხადა უგულავამ“, – განაცხადა უგულავამ.


გიგი უგულავას განცხადებით, მას დღეს დილით საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცეს. დღეს ამ საკითხზე შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გიორგი უგულავას ბ.გ.- ს მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე 2019 წლის 12 დეკემბერს, აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო 2000 ლარი, ხოლო დამატებითი ღონისძიების სახით განესაზღვრა საქართველოს მოქალაქის პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ჩაბარების ვალდებულება. ხოლო პასპორტის და პირადობის მოწმობის ჩაბარების ვალდებულების გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტროს არ მიუღია, შესაბამისად ბაზაში მონაცემები დარჩა უცვლელი.

„აქედან გამომდინარე გიორგი უგულავამ ვერ გადაკვეთა სახელმწიფო საზღვარი. ამ ეტაპზე გიორგი უგულავას ბაზაში შეზღუდვა არ უფიქსირდება და მას აქვს უფლება გადაკვეთოს სახელმწიფო საზღვარი“, – წერია დღეს გავრცელებულ განცხადებაში.