შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, ბიზნესს შეუჩეროს საქმიანობა, თუ არ დაიცავს ჯანდაცვის რეკომენდაციებს - დადგენილება

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ დადგენილებაში ცვლილება შედის. კერძოდ, ცვლილების მიხედვით, ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, ჯანდაცვის რეკომენდაციებთან კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი.

„ნებადართული ეკონომიკური საქმიანობის განხორციელებისას, დაფიქსირებული ახალი კორონავირუსის (COVID-19) ან/და „სამუშაო ადგილებზე ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების თავიდან აცილების მიზნით რეკომენდაციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანების მოთხოვნების კრიტიკული შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილია, შეაჩეროს ეკონომიკური საქმიანობის პროცესი.

ეკონომიკური საქმიანობის შეჩერების საფუძვლების აღმოფხვრის, კერძოდ, ეპიდემიოლოგიური კვლევის დასრულების ან/და დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, ეკონომიკური საქმიანობის განახლება განხორციელდება შესაბამისი მიმართვის საფუძველზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 წლის 6 ივნისის №01-56/ნ ბრძანებით განსაზღვრული პროცედურების დაცვით“, – წერია დადგენილებაში, რომელიც 2020 წლის 19 აგვისტოს შევიდა ძალაში.

დადგენილების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების აღსრულების თაობაზე „დამსაქმებელთა და დასაქმებულთა ცნობიერების ამაღლების მიზნით, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უშუალოდ ან/და ამავე მუხლით გათვალისწინებული საზედამხედველო/სახელმწიფო უწყებების დახმარებით უფლებამოსილია, განახორციელოს შესაბამისი საგანმანათლებლო/საინფორმაციო ღონისძიებები“.