შრომის ინსპექციის რეფორმის მიღება გაურკვეველი მიზეზით არის შეჩერებული - ღირსეული შრომის პლატფორმა

პუბლიკა

„შრომის ინსპექციის რეფორმის მიღება გაურკვეველი მიზეზით არის შეჩერებული”, – ღირსეული შრომის პლატფორმა მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, დროულად განაახლოს რეფორმის განხილვა და უზრუნველყოს მისი მიღება.

პლატფორმის განცხადებით, პარლამენტმა 2020 წლის გაზაფხულზე წარდგენილ შრომის ინსპექციის რეფორმას პირველი მოსმენით მხარი უკვე დაუჭირა. საკანონმდებლო ცვლილებები ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა არსებითად მოიწონა, თუმცა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვა დღემდე არ მომხდარა და გაურკვეველი მიზეზითა და ვადით არის შეჩერებული.

„გვინდა, აღვნიშნოთ, რომ შემოთავაზებული ცვლილებებით არსებითად ძლიერდება შრომის ინსპექციის მანდატი, რაც მშრომელთა უფლებებისა და უსაფრთხოების სახელმწიფო ზედამხედველობას გააუმჯობესებს. დღეის მდგომარეობით, შრომის ინსპექციის შეზღუდული მანდატი ვერ ახდენს სამუშაო ადგილებზე დაშავებისა და გარდაცვალების შემთხვევების პრევენციასა და შრომითი უფლებების ჯეროვან დაცვას. გარდა ამისა, ინსპექციის შეკვეცილი უფლებამოსილება წინააღმდეგობაშია საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებთან.

საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მოქმედ პარლამენტს ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებამდე სულ რამდენიმე პლენარული სხდომა აქვს დარჩენილი, ხოლო არჩევნებამდე საკანონმდებლო ცვლილებათა მიუღებლობა რეფორმის ფაქტობრივ ჩავარდნას ნიშნავს. რეფორმის ჩავარდნა კი უფლების დაცვის სათანადო მექანიზმების გარეშე დატოვებს დასაქმებულებს; ამასთან, უარყოფითად იმოქმედებს საქართველოს საგარეო და საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებზე.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ განაახლოს შრომის რეფორმის პლენარული განხილვა და უზრუნველყოს ქვეყანაში ქმედითი შრომის ინსპექციის შექმნა, რაც უკვე ათწლეულზე მეტია, წარმოადგენს დასაქმებულთა, პროფესიული კავშირების, ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადაცვითი ორგანიზაციების მოთხოვნას”, – აცხადებს შრომის რეფორმის პლატფორმა.