შსს: აქციამ მიიღო ძალადობრივი ხასიათი, ვიყენებთ კანონით გათვალისწინებული ზომებს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ საპროტესტო აქციამ ძალადობრივი ხასიათი მიიღო და გასცდა შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით დადგენილ ფარგლებს, რის გამოც მათ „კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება დაიწყეს”.

შსს-მ მოქალაქეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. ადგილზე მომუშავე ჟურნალისტების თქმით, წყლის ჭავლში გარეულია წიწაკა.

შსს აცხადებს, რომ „მიუხედავად პოლიციელების არაერთი მოწოდებისა, მოქალაქეები არ ემორჩილებიან სამართალდამცველთა კანონიერ მოთხოვნებს და სამართალდამცველებს სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებიან, ასევე მათი მიმართულებით ისვრიან სხვადასხვა საგანს”.

„სამინისტრო შეისწავლის აქციის მსვლელობისას მომხდარ ყველაკანონსაწინააღმდეგო ფაქტს და თითოეულ ქმედებას მისცემს შესაბამის სამართლებრივ შეფასებას”. – აცხადებს უწყება.

არიან დაკავებულებიც. შსს-ს მათ შესახებ ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

მშვიდობიანი აქციის ძალადობრივად დაშლამდე პოლიციამ მოქალაქეებზე ფიზიკურადაც იძალადა. დაშავდა არაერთი მოქალაქე, მათ შორის „პუბლიკის” მთავარი რედაქტორი, ლიკა ზაკაშვილი და ჟურნალისტი ბასტი მგალობლიშვილი.