ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან ერთად, გასული 24 საათის განმავლობაში ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 27 პირი დააკავეს. კიდევ 6 პირს კი ბრალი წარედგინება – ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს კი დაუსწრებლად. მათ შორისაა საზღვარგარეთ მყოფი ე.წ. კანონიერი ქურდი მამუკა ჩხაბერიძე. ამის შესახებ ბრიფინგზე ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა დავით კიკნაძემ განაცხადა.
უწყების თქმით, ბრალდებულები მითითებებს მამუკა ჩხაბერიძისგან იღებდნენ და მისი დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ. ისინი სისტემატიურად უკავშირდებოდნენ ერთმანეთს და ორგანიზებას უწევდნენ ე.წ. ქურდულ გარჩევას, რომლის დროსაც გადაწყვეტილებებს ქურდული ტრადიციების შესაბამისად იღებდნენ.
„ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულები მხარეებს შორის ფინანსურ დავებს განიხილავდნენ, რა დროსაც ერთ-ერთ მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ. კონკრეტული ვადების დარღვევის შემთხვევაში კი ფიზიკური ანგარიშსწორებით და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ ე.წ. კანონიერ ქურდს უკავშირდებოდნენ. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებული იქნა სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა, 223-ე ტერცია, 223-ე კვარტა და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“. – ნათქვამია განცხადებაში.
დავით კიკნაძის განცახდებით, პირველი იანვრიდან დღემდე სამართალდამცველებმა დააკავეს და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 343 პირი, რომელთაგან 8 ე.წ. კანონიერი ქურდია.