შსს: ლისის ტბაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ძებნილი პირი დაკავებულია

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში დააკავეს 2019 წლის ოქტომბრიდან ძებნილი, 1979 წელს დაბადებული ზ.მ.

უწყების განცხადებით, ზ.მ.-მ 2019 წლის 6 ოქტომბერს თბილისში, გახოკიძის ქუჩაზე, თანამზრახველებთან ერთად, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, მუქარითა და ფიზიკური ძალის გამოყენებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა 1979 წელს დაბადებულ გ.ვ.-ს. ამის შემდეგ იგი წაიყვანეს ლისის ტბისა და ბრიტანული სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც დანითა და ცეცხლსასროლი იარაღით სხეულზე სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანებები მიაყენეს. მიყენებული ჭრილობებისგან გ.ვ. საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაკავებულს გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სხვა დანაშაულის ჩადენის ან გაადვილების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავება.

დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ზ.მ.-ს პატიმრობა დაუსწრებლად შეეფარდა და 2019 წლის ოქტომბრიდან მასზე ძებნა გამოცხადდა.

„მასთან ერთად, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის, დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში დახმარების, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებისთვის პასუხისგებაში დაუსწრებლად არიან მიცემულნი და ამ დრომდე იძებნებიან: 1979 წელს დაბადებული დ.რ., 1986 წელს დაბადებული ვ.კ., 1980 წელს დაბადებული ნ.კ. და 1977 წელს დაბადებული დ.ბ.“, – აცხადებს შსს.

აღნიშნული დანაშაულები 7-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ინფორმაციით, ძებნილი პირების ადგილსამყოფელის დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება კომპლექსური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 25-109-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 236-ე მუხლით, 143-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს.