შსს-მ პროსტიტუციის ხელშეწყობის ბრალდებით 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს

პუბლიკა

შსს-ს ინფორმაციით, პროსტიტუციის ხელშეწყობის და პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, 14 პირი დააკავეს და 9 ობიექტი დალუქეს. უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, საპოლიციო ღონისძიებები ჩაატარეს თბილისსა და ქუთაისში.

დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე ჩინეთისა და ტაილანდის მოქალაქეები. 

„გამოძიებით დადგინდა, რომ ობიექტების მფლობელები და ადმინისტრატორები, მათ განკარგულებაში არსებულ ფართებს… ფართებში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ასაქმებდნენ და მათ პროსტიტუციაში ხელს უწყობდნენ. ისინი თბილისსა და ქუთაისში არსებულ ფართებს, გარკვეული თანხის სანაცვლოდ, პროსტიტუციისთვის სისტემატურად გადასცემდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებებით ასევე დგინდება, რომ ბრალდებულები პროსტიტუციაში ჩაბმულ ქალბატონებს კლიენტების მოძიებაშიც ეხმარებოდნენ, სანაცვლოდ კი მიღებული თანხის ნაწილს თავადაც იღებდნენ.

მოპოვებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ობიექტის ძირითად შემოსავალს პროსტიტუციით გამომუშავებული ფულადი თანხა წარმოადგენდა” – განაცხადა ბრიფინგზე გრიგოლ გოგოჩაშვილმა, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსმა. 

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველების მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ათეულობით კომპლექსური საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, მათ შორის, ფარული აუდიო და ვიდეო ჩაწერა, რის საფუძველზეც ბრალდებულების დანაშაულებრივი საქმიანობა დასტურდება.

უწყების ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 254-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.