შსს-ში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენას გაუწევს მონიტორინგს და ექნება სამართლებრივი რეაგირებაც

პუბლიკა

შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნება სამმართველო, რომელიც საჯარო სივრცეში „სიძულვილის ენას, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციას“ მონიტორინგს გაუწევს და შესაბამის სამართლებრივ რეაგირებას იქონიებს. ეს შეეხება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაციას.

ამის შესახებ სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, მამუკა მდინარაძის ბრიფინგიდან გახდა ცნობილი.

მდინარაძის განცხადებით, სახელმწიფოს ვალდებულება იმგვარი გარემოს შექმნაა, სადაც დაცული იქნება „განსხვავებული აზრი და მიუღებელი იქნება სიძულვილის, მტრობის და შეურაცხყოფის წახალისება“.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის ინიციატივით დებატების სივრცის გახსნა პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, ახლა კი გადადიან მორიგ მნიშვნელოვან ეტაპზე, რომელიც შსს-ში ახალი სამმართველოს შექმნას გულისხმობს.

„შსს-ში შეიქმნება სამმართველო, რომლის ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება. იგულისხმება ნებისმიერი ტიპის საჯარო კომუნიკაცია, რომელიც შეიცავს სიძულვილის ენას, შუღლის გაღვივებას, ღირსების შელახვას და სხვა.

პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული სამმართველო იმოქმედებს პროაქტიურ რეჟიმში და რეაგირება არ იქნება დამოკიდებული მხოლოდ მოქალაქის საჩივარზე. უწყება თავად განახორციელებს მონიტორინგს, შესაბამის სამართლებრივ შეფასებას და საჭიროების შემთხვევაში თავად გადააგზავნის მასალებს სასამართლოში.

იმისთვის, რომ არ დარჩეს სივრცე სპეკულაციებისთვის, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არ არის აზრისა და გამოხატვის თავისუფლების რამე ფორმით შეზღუდვა. დემოკრატიული სახელმწიფოს საფუძველი სწორედ თავისუფალი დისკუსია და აზრთა მრავალფეროვნებაა, თუმცა ეს თავის მხრივ არ უნდა გახდეს ძალადობრივი, შეურაცხმყოფელი და საზოგადოებრივი დაპირისპირების წამახალისებელი კომუნიკაციის საფუძველი. დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული დისკუსია, პარალელურად არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომელზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და იმ ტიპის კომუნიკაციის მიუღებლობა, რომელიც მტრობას, შუღლს, საზოგადოებრივ დაძაბულობას და უკიდურეს პოლარიზაციას აღვივებს.

მოგეხსენებათ, ამ მიმართულებით უკვე გვაქვს პარლამენტის მიერ მიღებული შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა, თუმცა მხოლოდ კანონმდებლობა საკმარისი არაა, მის ეფექტურ აღსრულებას ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამიტომ მიმდინარე გამოწვევების კვალდაკვალ ვაძლიერებთ შსს-ს ინსტიტუციურ შესაძლებლობებს და ახალი სამმართველო უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს“, – განაცხადა მდინარაძემ.

მდინარაძის განცხადებით, შსს „ახალი სამმართველოს შესაქმნელად თეორიულად მისაღებ ვადაში“ უზრუნველყოფს სტრუქტურის ჩამოყალიბებას.

„მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში შსს-ში გვექნება [ეს] სამმართველო. მე პირადად ვიქნები ბოლომდე დაინტერესებული და ჩემი საქმიანობის ერთ-ერთ პრიორიტეტად მივიჩნევ იმას, რომ ბრძოლის ერთ-ერთი იარაღი, რომელიც თავის მხრივ პოლარიზაციის გაღვივებისთვის გამოიყენება და ამის მთავარ იარაღად მიიჩნევენ, იყოს მაქსიმალურად განდევნილი ჩვენი საზოგადოებისგან“, – განაცხადა მდინარაძემ.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ახალი სამმართველო დაკავშირებული არაა ახალი კანონმდებლობის მიღებასთან:

„ჩვენ არ დაგვიანონსებია, რომ საკანონმდებლო ინიციატივით შევალთ პარლამენტში. შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა ჩვენ უკვე გვაქვს და შესაბამისად ხდება კიდეც მისი აღსრულება. სხვადასხვა დროს მოქალაქეების მომართვის საფუძველზე ხდება სამართლებრივი რეაგირება, მათ შორის შსს-ს მხრიდან…

უბრალოდ ამას ექნება შეუქცევადი, პერმანენტული ხასიათი და რაც მნიშვნელოვანია, არ იქნება აუცილებელი, რომ მოქალაქემ მიმართოს, რომლის მიმართაც განხორციელდა სიტყვიერი ძალადობა, შსს-ს პროაქტიულ რეჟიმში, თავისი ინიციატივით, ახლად შექმნილ სამმართველოს ექნება უფლება, რომ თვითონ მოიძიოს ასეთი დარღვევების ფაქტები და მიმართოს სასამართლოს ადმინისტრაციული სახდელის დადების მოთხოვნით კონკრეტული პირის მიმართ, ვინც სამართალდარღვევა ჩაიდინა“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტის შეკითხვაზე: ვინ უნდა განსაზღვროს, რა არის სიძულვილის ენა? მოქალაქემ შესაძლოა დაწეროს კრიტიკული პოსტი და ეს უნდა იყოს დამოკიდებული საგამოძიებო უწყებაზე და მან უნდა განსაზღვროს, რომ საჯარო განცხადებამ შუღლი გამოიწვია? მდინარაძე ამბობს:

„დიახ. პირველი შემფასებელი იქნება შსს, შესაბამისი სამმართველო, მაგრამ საბოლოო შემფასებელი იქნება სასამართლო…

კრიტიკის გამო არავინ არავის დაადებს სახდელს, ამის გარანტიას გაძლევთ, მაგრამ თუ საყოველთაოდ მთელს მსოფლიოში გავრცელებული მოსაზრებით, არა მხოლოდ საქართველოში საყოველთაოდ, მთელს მსოფლიოში ითვლება კონკრეტული ფრაზა, წინადადება შეურაცყოფად, შუღლის გამაღვივებელ წინადადებად თუ ფრაზად, ამ შემთხვევაში – დიახ, მათ შორის ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოიყენოს სასამართლომ“, – განაცხადა მან.


ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებობს სამართალდამცველთა შეურაცხყოფისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების შეურაცხყოფის მუხლები, რომლებზეც ადმინისტრაციულ სახდელად პოლიციელის შემთხვევაში ჯარიმას ან 60 დღემდე პატიმრობას, ხოლო პოლიტიკოსის შემთხვევაში ჯარიმას ან 45 დღემდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პრაქტიკის მიხედვით, საქმის წარმოება ან მოქალაქის/პოლიტიკოსის მიმართვის, ან შსს-ს წარმომადგენლის რეაგირების საფუძველზე იწყება. სახდელის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას სასამართლო იღებს.

მაგალითისთვის, ერთ-ერთი ბოლო გადაწყვეტილება სასამართლომ გიგა მაქარაშვილის შემთხვევაში მიიღო, რომელსაც შალვა პაპუაშვილზე დაწერილი ფეისბუქპოსტის გამო 5-დღიანი პატიმრობა შეეფარდა.