სინგაპურის სასამართლოში ივანიშვილის დავა Credit Suisse-თან გრძელდება

პუბლიკა

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი Credit Suisse-ს სინგაპურის სატრასტო ჯგუფს 1,27 მილიარდი დოლარის ზარალში ადანაშაულებს. სასამართლო განხილვა სინგაპურის სასამართლოში მიმდინარეობს.

როგორც Reuters წერს, ბიძინა ივანიშვილი სასამართლო პროცესს საქართველოდან ონლაინ ჩაერთო და პროცესზე განაცხადა, Credit Suisse-ის სატრასტო დანაყოფმა სინგაპურში (ნდობით აღჭურვილმა მმართველმა) ვერ იმოქმედა საიმისოდ, რომ მას არ დაეკარგა 1,27 მილიარდი დოლარი.

„მეგონა, მივედი ექსპერტებთან, რომლებიც იმუშავებდნენ ჩემი კაპიტალისა და ჩემი ოჯახის დასაცავად“, – განაცხადა ივანიშვილმა შვეიცარიულ ბანკზე.

ივანიშვილმა სინგაპურში Credit Suisse მოქმედი სატრასტო კომპანია დაადანაშაულა, რომ არ გაუფრთხილდა ივანიშვილის ინვესტიციებს და არ „გადადგა შესაბამისი ნაბიჯები“, რათა დაეცვა ის ჟენევაში მცხოვრები ბანკირის, პატრიკ ლესკოდრონის თაღლითობისგან.

Credit Suisse-ის სატრასტო დანაყოფის წარმომადგენლებმა სინგაპურის სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ თანხა, რომელსაც მოსარჩელეები მოითხოვენ ბანკისგან, უკიდურესად დიდია და სასამართლოს სარჩელის უარყოფას სთხოვენ.

ივანიშვილის ადვოკატების განცხადებით, ბანკის წარმომადგენლობამ ივანიშვილის დანაკარგი 818,2 მილიონ დოლარად შეაფასა, თუმცა ისინი მიიჩნევენ, რომ დანაკარგი 1,27 მილიარდი დოლარია.

გამოცემა წერს, რომ პარალელურად Credit Suisse-ის ახალი აღმასრულებელი დირექტორი, ულრიხ კერნერი, ბანკთან დაკავშირებული სკანდალების შემდგომ ბანკის სტაბილიზაციას ცდილობს.

ულრიხ კერნერს მიზნად დაუსახეს, შეამციროს ხარჯები ერთ მილიარდ დოლარზე მეტით, რათა დაეხმაროს შვეიცარიის უმსხვილეს ბანკს დანაკარგების აღდგენაში.

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა სინგაპურის სასამართლოში განაცხადეს, რომ Credit Suisse-ის ტრასტში 2005 წელს ბიძინა ივანიშვილმა 1,1 მილიარდი დოლარი განათავსა, ხოლო ივანიშვილის ბანკირმა პატრიკ ლესკადრონმა ტრასტის ინვესტიციების თაღლითური გზით მართვა და დაუფლება 2007 წელს დაიწყო.

Reuters წერს, რომ 2018 წელს ლესკადრონი შვეიცარიის სასამართლომ დამნაშავედ ცნო რვა წლის განმავლობაში ყოფილი კლიენტების, მათ შორის ივანიშვილის, ხელმოწერების გაყალბებაში. სასამართლო დოკუმენტების თანახმად, მოგვიანებით ლესკადრონმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ივლისში ბიძინა ივანიშვილის უფლებადამცველი იურიდიული კომპანიამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ივანიშვილმა შვეიცარიული ბანკისგან, Credit Suisse-სგან წერილი მიიღო. მათი თქმით, წერილში განმარტებული იყო, რომ  ევროპარლამენტის მიერ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების თაობაზე მიღებულმა რეზოლუციამ წარმოშვა ბანკის მხრიდან ვალდებულებები, რის გამოც ტრასტი (ნდობით აღჭურვილი მმართველი) ბიძინა ივანიშვილის თანხასთან დაკავშირებით მოქმედებებს აღარ მიმართავს სასამართლოს თანხმობის გარეშე.

დღეს საერთაშორისო მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ Credit Suisse ყიდის გლობალური ტრასტის ბიზნესს The Bank of N.T. Butterfield & Son Limited-ზე, რომლებიც დაფუძნებულია გერნზში, სინგაპურსა და ბაჰამის კუნძულებზე. ხოლო კომპანია Gasser Partner შეიძენს  ლიხტენშტეინის ბიზნესს.

ბიძინა ივანიშვილს Credit Suisse-თან რამდენიმე სასამართლო დავა აქვს, რომელთაგან ერთი მოიგო. ბერმუდის უზენაესი სასამართლოს ბოლო გადაწყვეტილებით, Credit Suisse-ის შვილობილ კომპანიას CS Life-ს ბიძინა ივანიშვილისთვის 607, 35 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა.