„სიტუაცია არის მართვადი, თუმცა საყურადღებო“ - რიჟვაძე ეპიდსიტუაციაზე

პუბლიკა

„სიტუაცია არის მართვადი, თუმცა საყურადღებო“ – ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ბათუმის ბულვარში დაიდგა კიდევ ერთი კარავი, სადაც მოქალაქეები უფასო ტესტირებას შეძლებენ.

„შიდა ტურიზმი შედგა აჭარაში, მაგრამ ამის პარალალურად იყო მომატებული რისკი, რომ გვექნებოდა მსგავსი ეპიდემიოლოგიური კერები. დღეს საკოორდინაციო საბჭოს ფორმატში იყო მსჯელობა და მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილებები. პირველი – ბათუმში არ იგეგმება შემზღუდავი ღონისძიებების დაწესება. მეორე – არის ის, რომ ტესტირებები იქნება კიდევ უფრო ინტენსიური. დღეს ბათუმის ბულვარში დაიდგა კიდევ ერთი კარავი, სადაც მოქალაქეები, სტუმრები უფასოდ შეძლებენ ტესტირების ჩატარებას. ასევე, ყველა საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, მათ შორის ღამის კლუბებთან მიმართებაში მოთხოვნები და მონიტორინგი გამკაცრდება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

რიჟვაძე კვების ობიექტებისა და კლუბების მფლობელებს თანამშრომლობისკენ მოუწოდა, როგორც დეზინფექციის, ისე პერსონალის ტესტირების ნაწილში.

რიჟვაძის თქმით, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს დაევალა, რომ გაამკაცრონ კონტროლი საზოგადოებრივ ტრანპორტში, როგორც პირბადის ტარებაზე, ასევე ტრანსპორტის დეზინფექციაზე.  რიჟვაძის განცხადებით, ამ ღონისძიებების ნაწილია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების ინტენსიური ტესტირება.

თორნიკე რიჟვაძემ მოუწოდა მოქალაქეებს, რომ დაიცვან ყველა წესი კორონავირუსის გავრცელების თავიდან არიდების მიზნით.


დღეს საქართველოში კორონავირუსის 38 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ახალი შემთხვევებიდან 22 ბათუმში, საკონდიტრო მაღაზია „დონას“ კლასტერიდანაა.