სკოლებში ბავშვთა უფასო კვებაზე მალე კანონპროექტს დავაინიციირებთ - წითლიძე

პუბლიკა

პარლამეტში პლენარულ სხდომაზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ანა წითლიძემ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მალე ენმ სკოლებში ბავშვთა უფასო კვებასთან დაკავშირებით კანონპროექტს დააინიციირებს.

მისი თქმით, სხვადასხვა კვლევით დასტურდება, რომ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ. დეპუტატის თქმით, ეს არის ზეპარტიული ინიციატივა და საჭიროა პრობლემის მოგვარებისთბის მუშაობა.

„ამ ქვეყანაში ბავშვები შიმშილობენ და არაფერი იმაზე უფრო ტრაგიკული არ არის, ვიდრე ის, რომ ბავშვს არ ჰქონდეს საჭმელი. NDI-ის ჩატარებული კვლევით, საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ამბობს, რომ ბოლო 12 თვის გამავლობაში მათ არ ჰქონდათ საკმარისი თანხა ოჯახის გამოსაკვებად. კიდევ უფრო მძიმე არის სხვა ჩატარებული კვლევები, სკოლებში ჩატარებული კვლევები, სადაც ბავშვების 77% ამბობს, რომ განიცდიან შიმშილის გრძნობას“, – თქვა მან.

მისი თქმით, ყველამ იცის ბავშვების სრულფასოვანი კვება რაოდენ მნიშვნელოვანია ბავშვთა გონებრივი განვითარებისთვის, თუმცა სახელმწიფოსთვის ეს საკითხი არ გახდა პრიორიტეტული. მისი თქმით, ხელისუფლების არგუმენტები სკოლებში ბავშვების უფასო კვებასთან დაკავშირებით არის სუსტი.

„მათი პირველი არგუმენტია, რომ ბავშვთა უფასო კვება არის ძვირი და არის დაკავშირებული კოლოსალურ თანხებთან. ამაში გეთანხმებით, რომ ეს არ არის არც 1-2 ან 5 მილიონის საქმე, არამედ ბევრად უფრო დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მაგრამ ჩვენ ვსაუბრობთ სახელმწიფოზე, რომელიც მილიონობით თანხას ხარჯავს სსიპ-ებში და  ააიპ-ებში დასაქმებულ პარტიულ აქტივზე. ბიუჯეტში ახლა განხორციელებული ცვლილებებითაც კი შესაძლებელია, რომ თუ ეს საკითხი გახდება პრიორიტეტი, თანხები იქნას მოძიებული.

მეორე არგუმენტი,  უკავშირდება იმას, რომ სკოლები თურმე არ არიან მზად, რომ ეს აიღონ თავის თავზე, რაც ასევე არის მცდარი, იმიტომ რომ ჩვენ მთელი საქართველოს მასშტაბით სკოლების 70 % საჭიროებს რეაბილიტაციას და ჩვენ თუ დაველოდეთ იმას, რომ მათი ინფრასტრუქტურა იქნება სრულყოფილი, მაშინ გამოდის რომ ჩვენ ბავშვები წლობით უნდა გვყავდეს მშიერი“, – თქვა მან.

წითლიძის თქმით, არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა ამგვარი პრობლემის მოგვარებისთვის. მისი თქმით, ე.წ. ლანჩბოქსებს არ სჭირდებათ განსაკუთრებული ინფრასტრუქტურა და საქართველოს მასშტაბით ნებისმიერ სკოლას შეუძლია მოიძიოს ერთი სუფთა ოთახი, საიდანაც შესაძლებელი გახდება „ლანჩბოქსების“ გაცემა.

„დეტალებზე მე ახლა კონკრეტულად არ ვისაუბრებ, რადგან ამაზე ჩვენ გვექნება საკანონმდებლო ინიციატივა და მერე შეგიძლიათ ამ ინიციატივას გაეცნოთ“, – თქვა მან.

ხელისუფლების კიდევ ერთი არგუმენტია, რომ ლოჯისტიკურად იქნება რთული და ცენტრალურ ხელისუფლებბას გაუჭირდება ორგანიზება. წითლიძის თქმით, გარდამავალ პერიოდში შეიძლება იყოს ცენტრალური ხელისუფლების კომპეტენცია, თუმცა საბოლოოდ ლოჯისტიკა უნდა გადაეცეს მუნიციპალიტეტებს.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ ეს საკითხი არ არის ახალი, რაზეც მუშაობს განათლების კომიტეტი, ბავშვთა საბჭო და ჩართულია UNICEF-იც. მან შესთავაზა წითლიძეს, რომ შეუერთდეს  სამუშაო ჯგუფებს.


ბავშთა კვების შესახებ საკითხი წინ „მოძრაობა ხმამ“ წამოწია. მოძრაობა „ხმამ“ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების მოთხოვნით კამპანია 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო.

მათ მიერ ჩატარებული კვლევა წაიკითხეთ ვრცლად: