სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა, არ გამოვრიცხავთ, რომ გაიზარდოს - თურნავა

პუბლიკა

„სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა, არ გამოვრიცხავთ, რომ გაიზარდოს, იმიტომ, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით, მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისის ფონზე საქართველოს მთავრობა ცდილობს, მოსახლეობას დამატებითი ხარჯები შეუმციროს, ამიტომ ასუბსიდირებს 4 თვის კომუნალურ გადასახადებს.

„სამწუხაროდ, სოციალურად დაუცველი ოჯახების რაოდენობა, არ გამოვრიცხავთ, რომ გაიზარდოს, იმიტომ, რომ ვითარება არის საკმაოდ რთული. ჩვენ ვხედავთ  ზოგადად მსოფლიოში. ჩვენი ამოცანაა, ვალდებულებაა, რომ მაქსიმალურად შევუმციროთ მათ დამატებითი დანახარჯები“, – განაცხადა მინისტრმა.

ნათია თურნავას თქმით, მოქალაქეებისთვის 300 კილოვატამდე მოხმარების შემთხვევაში ფასნამატის სუბსიდირებისა და სოციალურად დაუცველებისთვის წყლის ფასის სუბსიდირების პარალელურად, გრძელდება 4-თვიანი დახმარების პროგრამაც.

„პარალელურად, ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რაც ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებით გაცემული გვქონდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთრის პერიოდში, 4 თვის განმავლობაში პრაქტიკულად სრულად ხდება გარკვეული კატეგორიის სუბსიდირება“, – განაცხადა მინისტრმა.