Sovlab ბათუმის დრამატულ თეატრს მოუწოდებს, უარი თქვას სტალინის სახოტბო პიესის დადგმაზე

პუბლიკა

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია (Sovlab) ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში იოსებ სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს და მოუწოდებს თეატრს, შეცვალოს გადაწყვეტილება.

როგორც ორგანიზაცია წერს, 1939 წელს სტალინისვე დაკვეთით დაწერილი, თუმცა შემდეგ დაწუნებული პიესა „ბათუმი“ სტალინის განმადიდებელი პიესაა.

ბათუმის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად რეჟისო ნუკრი ქანთარია ივლისში დაინიშნა. ის პარტია „ქართული ოცნებიდან” ორი მოწვევის პარლამენტის წევრი იყო.

ნუკრი ქანთარიამ გამოცემა „ბათუმელებსაც“ დაუდასტურა, რომ განიხილავს დადგას ბულგაკოვის პიესა „ბათუმი“.

გთავაზობთ საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის განცხადებას:

„ბათუმის სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის (რომელიც მმართველი პარტიის სიით პარლამენტის ყოფილი წევრია) ეს გადაწყვეტილება სტალინის, როგორც თანამედროვე რუსული პროპაგანდის იარაღის პოპულარიზაციის შემაშფოთებელი ტენდენციის კიდევ ერთი გამოვლინებაა.

ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მილიონობით ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებელი დიქტატორის 11 ახალი ძეგლი დაიდგა. სხვადასხვა სარწმუნო გამოკითხვების თანახმად, იზრდება სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება, რაც რუსული დეზინფორმაციული დღის წესრიგისთვის ნოყიერ ნიადაგს ქმნის. რუსული დეზინფორმაციული მანქანისა და მისი გავლენის აგენტების ამოცანაა სტალინის, როგორც ყალბი პატრიოტული სიმბოლოს კულტივირება ქართული საზოგადოების ისტორიული დასავლური არჩევანის საპირწონედ. მართალია, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რა მიდგომას აირჩევს რეჟისორი პიესის ინტერპრეტირებისას, თუმცა მის მიერ სტალინის დადებით კონტექსტში წარსულში არაერთხელ მოხსენიება შეშფოთების ლეგიტიმურ საფუძველს აჩენს.

სტალინის სახოტბო პიესის დადგმა განსაკუთრებით სახიფათოა დღეს, როცა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი, რუსეთის ხელისუფალთა განცხადებითვე, საბჭოთა კავშირის შესახებ დამახინჯებული მეხსიერებაა. სურათს ამძიმებს ისიც, რომ სწორედ იოსებ სტალინი იყო საქართველოს დემოკრატიულ და საერთაშორისოდ აღიარებულ რესპუბლიკაზე საბჭოთა რუსეთის თავდასხმის, შემდგომი რეპრესიებისა და საქართველოს ევროპული გზიდან ჩამოშორების ინიციატორი.

საბჭოთა კავშირის კვლევის ლაბორატორია მოუწოდებს ბათუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრს, შეცვალოს სტალინის სახოტბო პიესის დადგმის გადაწყვეტილება”, – ნათქვამია განცხადებაში.