სტრატკომმა „TV პირველს“, „მთავარსა“ და „ფორმულას“ არ აცნობა პრემიერის მარნეულში ვიზიტზე ‒ ნოდარ მელაძე

პუბლიკა

„TV პირველის“ საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, ნოდარ მელაძე ამბობს, რომ საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტმა დღეს, 8 აპრილს სამ დამოუკიდებელ ტელევიზიას ‒ „TV პირველს“, „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“ არ აცნობა პრემიერ-მინისტრის ქვემო ქართლში ვიზიტის შესახებ.

როგორც მელაძე სოციალურ ქსელში განმარტავს, კრიტიკული მედია დაბლოკა და არ მისცა საშუალება, გაეშუქებინა ღონისძიება მარნეულში, სადაც პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე მხოლოდ სამთავრობო მედია იყო მიწვეული.

„ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი მსგავს ხერხს იყენებს დამოუკიდებელი მედიის დევნისთვის, რითაც ზღუდავს მედიის უფლებას, მოიპოვოს და გაავრცელოს ინფორმაცია.

ბოლო პერიოდში საქართველოს მთავრობის მიერ დამოუკიდებელი მედიის წინააღდეგ ხდება ცნობილი რუსი პროპაგანდისტის, სანქცირებული პირის, მარგარიტა სიმონიანის შემუშავებული და დამკვიდრებული მეთოდებით ბრძოლა (საჯარო ღონისძიებებზე არმიწვევა, პრესკონფერენციების შესახებ ინფორმაციის დამალვა და პარლამენტში მუშაობის აკრძალვა), რაც წარმოადგენს არადემოკრატიული მმართველობის უპირველეს სიმპტომს და უმძიმეს მდგომარეობაში აყენებს თავისუფალ მედიას“, ‒ ვკითხულობთ ნოდარ მელაძის პოსტში.

ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ქარტიაში მიაჩნიათ, რომ მედიის მიმართ არათანაბარი მიდგომა თავისთავად დაუშვებელი, ხოლო, კრიტიკული მედიის წარმომადგენლების მიმართ ამგვარი დამოკიდებულება – დისკრიმინაციულია.

„მედიის როლი დემოკრატიული საზოგადოების განვითარებაში შეუცვლელია, ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ ყველა მედიასაშუალება თანაბარ პირობებში იყოს, “- ნათქვამია განცხადებაში. 

„პუბლიკა“ ცდილობს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან დაკავშირებას. პასუხის მიღებისთანავე მასალა განახლდება.