სუპერკომპიუტერმა COVID 19-ის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტური ქიმიური ნაერთები იპოვა

პუბლიკა

ახალი კორონავირუსის სწრაფად გავრცელების გამო მისი გამკლავება მეცნიერებისთვის დიდ გამოწვევად იქცა. ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებსა და ვაქცინის შექმნაზე მუშაობა იმაზე ბევრად მოკლე დროში უწევთ, ვიდრე ეს ჩეულებრივ ხდება ხოლმე.

თუმცა, როგორც CNN წერს, ხელოვნური ინტელექტის დახმარებით მეცნიერებასაც უმარტივდება საქმე. IBM-ის სუპერკომპიუტერმა „სამიტმა“, რომელიც ხელოვნური ინტელექტის ნიმუშია, ათასობით სცენარი დაამუშავა, როგორ შეიძლება COVID-19-თან ბრძოლა და რა ტიპის მედიკამენტები აჩერებენ ვირუსს ყველაზე ეფექტიანად.

საბოლოოდ, სუპერკომპიუტრმა 77 ტიპის ნაერთი დაასახელა, რომელიც ვირუსის წინააღმდეგ ყველაზე ეფექტურია. ამ აღმოჩენის შესახებ ოუკ რიჯის ეროვნულმა ლაბორატორიამ სტატია ჟურნალ ChemRxiv-ში გამოაქვეყნა.

რა არის „სამიტი“?

„სამიტი“ აშშ-ის ენერგიის დეპარტამენტმა 2014 წელს შექმნა ყველაზე რთული პრობლემების გამოსაკვლევად. სუპერკომპიუტერს 200 პეტაფლოპის ძალა აქვს, რაც ნიშნავს, რომ წამში 200 კვადრილიონი გამოთვლის გაკეთება შეუძლია. შეიძლება ითქვას, მილიონჯერ უფრო სწრაფია, ვიდრე მასობრივი წარმოების ყველაზე სწრაფი ლეპტოპი.

ოუკ რიჯის ლაბორატორიაში „სამიტის“ მეშვეობით დაადგინეს ალცჰაიმერის გამომწვევი წინარეპროცესები, გამოიკვლიეს ოპიოიდებზე დამოკიდებულებაში მონაწილე გენები და დაადგინეს როგორი იქნება ექსტრემალური ამინდი კლიმატის ცვლილების სიმულაციებით.

ახლა კი, სუპერკომპიუტერმა შექმნა სხვადასხვა ნაერთების მოდელირება, რომელიც შესაძლოა კორონავირუსთან ბრძოლაში დაეხმაროს ორგანიზმს.

როგორ ებრძვის „სამიტი“ კორონავირუსს

ვირუსი ორგანიზმში შეღწევისას მასპინძელი უჯრედების გენს აინფიცირებს მისი წანაზარდებით. „სამიტის“ საქმე კი ისაა, რომ იპოვოს შესაბამისი ქიმიური ნაერთი, რომელსაც შეუძლია ეს ვირუსი შებოჭოს და პოტენციური ზრდა შეაჩეროს.