სუსიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის ბრალდებით სუსის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავეს

პუბლიკა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანის ბრალდებით სუსის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას სუსი ავრცელებს.

დაკავებულის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არაა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციასთან ერთად, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების ფარგლებში, სუს-ის ყოფილი და ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელი დააკავა, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 321-ე მუხლით მიმდინარეობს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყოველთვის განსაკუთრებით მკაცრი და შეუვალი იქნება ნებისმიერი, მცირე მასშტაბის შიდა ინფორმაციის გატანის მიმართაც კი და პირი, რომელიც მსგავს ქმედებას ჩაიდენს, უმკაცრესად იქნება დასჯილი“, – ნათქვამია განცხადებაში.