სუსის ფაილები, 5 ივლისის მოვლენები და საპატრიარქოს პრივილეგიები - სახდეპის ანგარიში საქართველოზე

პუბლიკა

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოში რელიგიის თავისუფლების შესახებ 2021 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარიშში განხილულია 2021 წელს საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული გამოწვევებიც.

სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ კონსტიტუციით იკრძალება რელიგიური ნიშნით დევნა და საქარველო აღიარებს თანასწორობას რელიგიური აღმსარებლობის მიუხედავად. ამასთან საქართველოში გამოყოფილია მართლმადიდებელი ეკლესიის როლი, კანონმდებლობა და ხელისუფლების პოლიტიკა მას განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ასევე ეხება ე.წ. სუსის ფაილებს. ჩანაწერებს, რომლებიც რელიგიური ლიდერებისა და პოლიტიკოსების, ჟურნალისტებისა თუ უცხოელი დიპლომატების საუბარს ასახავდა. ინტერნეტში გავრცელებული ჩანაწერები, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა თვალთვალზე მიუთითებდა.

„ხელისუფლებამ დოკუმენტების ავთენტურობა უარყო მაშინ, როდესაც რელიგიური ჯგუფების წარმომადგენელთა ნაწილი, ჟურნალისტი თუ სხვა პირი ადასტურებდა მათ ნამდვილობას და ამბობდნენ, რომ თვალთვალს ჰქონდა მსუსხავი ეფექტი რელიგიის თავისუფლებაზე. ამან დაადასტურა ეჭვი, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური რელიგიური ჯგუფების საქმიანობას უთვალთვალებდა“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე წერს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს ხელისუფლებას მართლმადიდებელი ეკლესიისთვის კორონავირუსის პანდემიის დროს გამონაკლისების დაშვებისთვის აკრიტიკებდნენ. მართლმადიდებელ ეკლესიას ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის საშუალება ეძლეოდა, სხვა რელიგიურ ჯგუფებს კი სპეციალური აპლიკაციების შევსება უწევდათ, რათა თავიანთი დღესასწაულები აღენიშნათ.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში საუბარია იმაზეც, რომ პარლამენტმა კიდევ ერთხელ ჩააგდო სასამართლოს გადაწყვეტილება და მართლმადიდებელი ეკლესისითვის საგადასახადო და საკუთრების შესახებ უნიკალური პრივილეგიები ისევ შეინარჩუნა.

„სომხურ, ევანგელურ-ლუთერანულ, კათოლიკურ ეკლესიებსა და მუსლიმთა გარკვეულ ჯგუფებს კვლავ ექმნებოდათ სირთულეები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან რელიგიურ საკუთრებებზე უფლებების მოპოვებაზე. მუსლიმები კვლავ მიუთითებდნენ მთავრობის მიერ გამჭვირვალობის ნაკლებობაზე მეჩეთის მშენებლობის საკითხში“, – წერს სახელმწიფო დეპარტამენტი.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ეხება რელიგიური მოტივით ჩადენილ დანაშაულებსაც. უწყების განცხადებით, შსს-მ 2021 წელს 13 საქმეზე დაიწყო გამოძიება. საქმეები მოიცავდა ძალადობას, დაშინებას, საკუთრების დაზიანებას და სხვ.

ანგარიშში მოყვანილია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი ერთ-ერთი განაჩენიც. რომელშიც სასამართლომ დაადგინა, რომ ქალი იეჰოვას მოწმე იყო და ამის გამო გააუპატიურეს.

ასევე ანგარიში მიმოიხილავს ბუკნარსა და დმანისში მომხდარ დაპირისპირებებს, რომლებსაც ეთნიკური და რელიგიური განზომილება ჰქონდათ. სახელმწიფო დეპარტამენტი წერს 5 ივლისის მოვლენებზეც.

„თბილისი პრაიდის“ მიერ 5 ივლისს დაგეგმილი ღირსების მარში მას შემდეგ გაუქმდა, როცა დაახლოებით 3 000 მოძალადე პირი, რომლებსაც შეიძლება ულტრამემარჯვენეები ეწოდოთ, მათ შორის, მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთი მღვდელი, თავს დაესხა ჟურნალისტებს, დაარბია „თბილისი პრაიდის“ ოფისი და თავს დაესხა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების ოფისებსაც“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, რომ „მედიის განვითარების ფონდმა“ გასულ წელს ქართულ მედიაში რელიგიურად შეუწყნარებელი კომენტარების 117 შემთხვევა აღრიცხა, 2020 წელს კი მხოლოდ 30. ასეთი ზრდა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტი წერს, არასამთავრობო ორგანიზაციის მიხედვით, ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ გამოჩენამ გამოიწვია.

ანგარიშში ნათქვამია ისიც, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირთა ნაწილი ანტისემიტურ განცხადებებსაც აკეთებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტი ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასაც მიმოიხილავს. მათ შორის, საუბარია მოქალაქეთა გადაადგილების თავისუფლებაზე, რაც მათ ხელს უშლით აღმსარებლობის თავისუფლებაშიც. ასევე საუბარია აფხაზეთში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიმდევართა შევიწროებაზე.

„წყაროები მიუთითებენ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ფარულად მხარს უჭერდა სეპარატისტული ეკლესიების ამბიციებს საქართველოს ეკლესიიდან ავტოკეფალიის ფორმალური აღიარების შესახებ“, – ნათქვამია ანგარიშში.