ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება, ეს წარმოუდგენელი რამ არის – ჯაღმაიძე

პუბლიკა

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რამდენიმე წუთის წინ ბრიფინგზე განაცხადა, რომ წარმოუდგენელია ტაძრების დახურვა და მსახურების შეჩერება, თუმცა, მისივე თქმით, ეკლესია მაქსიმალურად ცდილობს, მოუწოდოს მრევლს, დაიცვან რეკომენდაციები და კანონი.

„მე ადრეც მითქვამს, რომ, როცა ადამიანი ეზიარება ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები. ჩვენ ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ვირუსია, რომელიც, ადრე თუ გვიან, ყველას შეგვეყრება. მთავარი არის სტრატეგია. ესაა სახელმწიფოს, ჯანდაცვის სისტემის და ჩვენიც, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად და არ გადაიტვირთოს ჩვენი ჯანდაცვის სისტემა. ამ ყველაფერის გათვალისწინებით ვმსახურობთ. ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელი რამ არის, ამიტომ მაქსიმალურად ვითვალისწინებთ, ვაფრთხილებთ მრევლს, რომ დაიცვან ზომები და თან ვმსახურებთ“, – ამბობს ანდრეა ჯაღმაიძე.

პრემიერ-მინისტრი, ხელისუფლების წარმომადგენლები და სპეციალისტები ამბობენ, რომ საპატრიარქოსთან მუდმივ კომუნიკაციაში არიან, როგორ უნდა ჩატარდეს აღდგომის დღესასწაული. გუშინ შეხვედრა იყო საპატრიარქოში, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ არც ერთი მხარე არ საუბრობს. შეხვედრა დაგეგმილია დღესაც საპატრიარქოში და, როგორც ანდრია ჯაღმაიძემ თქვა, ხვალ უკვე ცნობილი გახდება საბოლოო გადაწყვეტილება.

დღეს დილით გახდა ცნობილი, რომ ერთ-ერთ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.