ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის საზღვარზე დაპირისპირება მოხდა

პუბლიკა

წუხელ ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარზე დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც, რუსული მედიის ცნობით, ერთი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა და ორი დაიჭრა.

დაპირისპირების წამოწყებაში ყირგიზი მესაზღვრეები ტაჯიკებს ადანაშაულებენ. მათი მტკიცებით, ტაჯიკებმა საზღვრის არადემარკირებულ მონაკვეთზე დაიკავეს პოზიციები, რასაც მოჰყვა ორმხრივი სროლა. ტაჯიკეთი კი ყირგიზეთს არაპროვოცირებული ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.

Reuters-ის ცნობით, სასაზღვრო დაპირისპირებისას გამოყენებული იყო ნაღმტყორცნებიც. ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის განცხადებით, ყირგიზეთმა საზღვრისკენ დამატებითი ძალებიც გადაისროლა.

„რადიო თავისუფლების“ ევროპული ბიუროს ინფორმაციით, მხარეებმა კონფლიქტის გადასაჭრელად მოლაპარაკება დაიწყეს.

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის 970-კილომეტრიანი საზღვრის თითქმის ნახევარი დემარკირებული არაა, რასაც ორ სახელმწიფოს შორის პერიოდულად სასაზღვრო დაპირისპირება მოსდევს. ერთ-ერთი სასაზღვრო შეტაკება შარშან ლამის სრულმასშტაბიან ომშიც გადაიზარდა.