თალაკვაძე: ჩვენ გვჭირდება გრძელვადიანი დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები

პუბლიკა

„რადიო თავისუფლების“ „დილის საუბრებში“ არჩილ თალაკვაძემ უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრა. შეკითხვაზე, შეეძლო თუ არა უკრაინას, თავიდან აერიდებინა ომი, თალაკვაძემ უპასუხა, რომ აგრესიული და იმპერიალისტური ამბიციების მქონე ქვეყნებთან ომის თავიდან აცილება მარტო შეუძლებელია და „ამის გაკეთება უსაფრთხოების საერთაშორისო არქიტექტურის შექმნის გზით არის შესაძლებელი. ეს არის ნატო, ევროკავშირი და ეს არის ძლიერი კოორდინაცია ერთმანეთს შორის.“ 

მისივე შეფასებით, დღეს მსოფლიო მობილიზებულია და ფხიზლად არის.

„დღეს მსოფლიო გახლავთ ბევრად ერთიანი, რადგან ეს მხოლოდ უკრაინის ბრძოლა არაა. ეს არის გამოწვევა იმ უსაფრთხოების არქიტექტურის, რაც ევროპას, აშშ და ჩვენ ყველას ერთად გვაქვს შექმნილი.“ – განაცხადა თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველოს მუდმივი კომუნიკაცია აქვს საერთაშორისო პარტნიორებთან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით და საქართველო მათ დამატებით გარანტიებზე ესაუბრება.

„ჩვენ გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია საერთაშორისო პარტნიორებთან, უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. ბუნებრივია, საქართველოს სჭირდება გრძელვადიანი დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები. ჩვენ გვჭირდება დამატებითი გარანტიები. ამაზე ველაპარაკებით აშშ-ს, ევროკავშირს და დიდი შვიდეულის იმ ქვეყნებს, ვისთანაც პარტნიორული ურთიერთობა გვაქვს. მე მესმის, რომ მთელი მსოფლიო უფრო მეტად არის გადართული უკრაინაზე და ეს ასეც უნდა იყოს.  საერთაშორისო დღის წესრიგში იმ შეხვედრებზე, რომლებიც იმართება, შეიძლება, პირველი მსჯელობები საქართველოს არ ეხება, მაგრამ მერწმუნეთ, რომ საქართველოს საკითხი მნიშვნელოვანია.“ – განაცხადა თალაკვაძემ.