თალაკვაძის თქმით, შენგელიას საქმეზე დეტალური ინფორმაცია არ აქვს და არ იცის, რა არის დავის საგანი

პუბლიკა

პარლამენტში ბიუროს სხდომაზე „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ პარლამენტის თავმჯდომარეს სთხოვა, უზრუნველყოს პარლამენტში თეა წულუკიანის მოსვლის საკითხი. სერგი კაპანაძის თქმით, მათ პარტიას ბაჩანა შენგელიას საქმესთან დაკავშირებით წულუკიანთან შეკითხვები აქვს.

კაპანაძის თქმით, მინისტრის ბრძანებით შენგელიას უკანონოდ შეეზღუდა სანოტარო საქმიანობა, ეს შეზღუდვა სასამართლომ შეაჩერა და ახლა მინისტრი წულუკიანი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს.

„ორი კვირის წინ ბაჩანა შენგელიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას საქმიანობა უკანონოდ შეუწყვიტეს, მერე მიმართა სასამართლოს და სასამართლომ შეაჩერა ეს უკანონო ბრძანება. წაიღო ბრძანება აღსრულების ბიუროში და აღსრულებამ დაწერა, რომ შესრულდეს და აღუდგეს მას საქმიანობის უფლება. ქალბატონი მინისტრი წულუკიანი სასამართლოს დადგენილებას არ ასრულებს, რაც პირდაპირ კანონდარღვევაა. ჩვენ მოვითხოვეთ წულუკიანის მოსვლა, რომ შეკითხვებზე პასუხი გაეცა. ქალბატონი წულუკიანი კომიტეტზე არ მოდის. იქნებ უზრუნველყოთ, რომ წულუკიანი მოვიდეს პარლამენტში. თქვენი, როგორც პარლამენტის თავმჯდომარის პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყოთ მინისტრის მოსვლა და ამ შეკითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა სერგი კაპანაძემ.

სერგი კაპანაძის მოთხოვნას მინისტრ წულუკიანის პარლამენტში მოწვევაზე პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა. მისი თქმით, მიმდინარე კვირა პარლამენტში დატვირთულია და, სავარაუდოდ, ვერ მოხერხდება თეა წულუკიანის მოწვევა.

„ვინაიდან მიმდინარე კვირა დატვირთულია და არის პლენარული კვირა, არ ვარ დარწმუნებული, რომ შევძლებთ მოწვევას, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როცა ის მობრძანდება პარლამენტში, რეგლამენტის ფარგლებში მას თქვენს შეკითხვებზე პასუხები ექნება“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, ბაჩანა შენგელიასთვის სანოტარო საქმიანობის შეზღუდვაზე მას დეტალური ინფორმაცია არ აქვს.

„ამ საკითხზე, რაც თქვენ ბრძანეთ, მე დეტალური ინფორმაცია არ მაქვს. კონკრეტულად რა არის ჩაწერილი იმ გადაწყვეტილებაში, რა იყო დავის საგანი, ამაზე მაქვს მედიის მხრიდან ინფორმაცია და, რასაკვირველია, ამ საკითხს ყურადღებას მივაქცევ“, – განაცხადა თალაკვაძემ.