თამარ იარაჯული, რომელიც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემების მქონე 2 შვილის დედაა, ამბობს, რომ „სახელმწიფოს დავალებით“ საბანკო ანგარიშები გაუუქმეს.
ის მთავრობის ადმინისტრაციაში მივიდა და ამბობს, რომ შიმშილობას დაიწყებს.
იარაჯულის თქმით, რომ შვილებისთვის საჭირო წამლებს ქველმოქმედებით მიღებული თანხებით ყიდულობს.
მის არასრულწლოვან შვილს, გაბრიელს, აუტიზმის სპექტრი აქვს, ასევე აქვს ფიზიკური ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა, უფროს შვილს, 28 წლის გიორგი სანდუხაძეს კი მძიმე დაავადება ექინოკოკი, რომელიც ძვლებზეა მოდებული.
იარაჯულს საზოგადოება ეხმარება.
„4 წელია, მათხოვრად გადავიქეცი, რომ ერთი თუ მეორე შვილი ვაცოცხლო“, – თქვა მან.
თამარ იარაჯულის თქმით, ბანკებში უთხრეს, რომ სახელმწიფო დაინტერესდა იმით, თუ რაში ხარჯავს ის მიღებულ შემოსავლებს.
„ამ ანგარიშების გაუქმებით ჩემი შვილი ვეღარ წავა საზღვარგარეთ ვიზიტებზე, რომლებსაც სახელმწიფო, ჯანდაცვის სამინისტრო და ექიმები, კონსილიუმების მერე გამომიწერენ – ეს ჩემი სურვილი არ არის. როცა მძიმდება, ჟანგბადსაც არ აწვდიან, იმიტომ, რომ აუტისტური სპექტრი აქვს. ორჯერ არ მიიღო კლინიკამ ამის გამო. მოკლედ, გაწირეს ჩემი ოჯახი. მე თუ ანგარიშები არ მექნება და მალე ჩემი შვილი წასაყვანია საზღვარგარეთ და ამას დაადასტურებს კლინიკა, ვერ წავიყვან, იმიტომ, რომ ვერ დავდებ ანგარიშის ნომრებს, იმიტომ, რომ აღარ მაქვს. ერთადერთი, დამრჩა პასპორტი და ალბათ იმასაც გამიუქმებენ“,- თქვა მან „ფეისბუქ ლაივში“, რომელიც მისმა მეგობარმა, ნინო კალანდიამ გამოაქვეყნა.
იარაჯულს ანგარიშების გაუქმების მიზეზად მისი აქტიურობა მიაჩნია.
„რამდენი ხანია, არ გამოვდივარ გარეთ ჩემი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ახლა დამინახეს აქციაზე, სადაც ბავშვებისთვის წამალს მოითხოვენ და სავარაუდოდ ჩემი აქტიურობა არ მოეწონათ. ეს ჩემი ვარაუდია.
ვიწყებ შიმშილობას იქამდე, სანამ არ დამჭირდება მათხოვრობა „ფეისბუქით“ და ჩემს შვილს გაუხდება პენსია 1500 ლარი. ჩემს შვილს არც ეს თანხა არ ყოფნის საკვებად. სანამ არ შემუშავდება პროტოკოლი იმ დაავადების, რომელიც ჩემს შვილს აქვს, და სანამ არ აიღებს სახელმწიფო თავის თავზე ყველა ხარჯს, როცა მეტყვის, რომ უნდა წავიყვანო საზღვარგარეთ, მე დავტოვებ სიცოცხლეს აქ. მე თუ რამე დამემართა, გთხოვთ, ჩემი არც ერთი შვილი არ მიატოვოთ“, – თქვა თამარ იარაჯულმა.
„პუბლიკა“ ცდილობს შემოსავლების სამსახურთან დაკავშირებას. პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.