თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა

პუბლიკა

თამარ კორძაიამ „რესპუბლიკური პარტია“ დატოვა. მან გადაწყვეტილება საზოგადოებას სოციალურ ქსელში გავრცელებული განცხადებით გააცნო.

გადაწყვეტილების მიზეზად კორძაია პარტიასთან აზრთა სხვადასხვაობას ასახელებს. კერძოდ, თამარ კორძაიას თქმით, მას მიაჩნდა, რომ პარლამენტში საქმიანობა ხათუნა სამნიძესთან ერთად უფრაქციოდ, დამოუკიდებლად უნდა გაეგრძელებინა.

„გუშინ, 2021 წლის 3 ივნისს დასრულდა ჩემი 6-წლიანი თანამშრომლობა რესპუბლიკურ პარტიასთან და პარტიის თავმჯდომარეს მივმართე განცხადებით წევრობის დატოვების თაობაზე. მადლობას ვუხდი ყველას იმ მრავალფეროვანი გამოცდილებისათვის, რაც შევიძინე ამ წლების განმავლობაში.

ვფიქრობ, პარტნიორ ოპოზიციურ პარტიებთან სამომავლო თანამშრომლობა უნდა გაგვეგრძელებინა რესპუბლიკური პარტიის ორ წევრს, უფრაქციოდ/დამოუკიდებლად საქმიანობით. პარლამენტის ტრინუბიდან თამამი რესპუბლიკური იდეების გახმოვანებით და ბრძოლით.

მართალია, არ ვეთანხმები, მაგრამ მესმის რესპუბლიკური პარტიის გადაწყვეტილების. წარმატებებს ვუსურვებ.

პარლამენტში საქმიანობას გავაგრძელებ, როგორც უპარტიო და უფრაქციო პარლამენტის წევრი“, – წერს კორძაია.

გუშინ, 3 ივნისს ცნობილი გახდა პარლამენტში ახალი ფრაქციის ფორმირების შესახებ.

„შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფი“ – ამ სახელწოდების ფრაქციაში გაერთიანდნენ „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე, ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე, „გირჩის“ ლიდერი ზურა ჯაფარიძე, ტარიელ ნაკაიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები.