თავგანწირვაზე და ზვარაკზე უფრო რთულ გზას გთხოვთ, იცოცხლეთ საქართველოსთვის! - ცეცხლაძის წერილი ამაღლობელს

პუბლიკა

სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“ ავრცელებს პროევროპული საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებული ზვიად ცეცხლაძის წერილს, რომელშიც ის „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მიმართავს.

წერილი 2 თებერვლით თარიღდება.

„მოგესალმებით ქალბატონო მზია.

გამძლეობას, მხნეობას და თავისუფლებას გისურვებთ პირველ რიგში!

მე მესმის თქვენი ბრძოლის და თავგანწირვის, მესმის და ვაფასებ! თუმცა არ ესმით ქოცებს. მათთვის ადამიანის სიცოცხლეს ფასი არ აქვს, არც იდეისთვის თუ სამშობლოსთვის თავგანწირვას.

ქალბატონო მზია, თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა, სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.

საქმე იმაშია, რომ ამ ქვეყანას საკმარისად ჰყავს დაღუპული გმირები… ცოცხალი გმირები გვჭირდება!

მესმის თქვენი პრინციპულობა და ვაფასებ. თქვენმა შიმშილმა მიაღწია მიზანს. თქვენი სიცოცხლის სასწორზე დადებამ მსოფლიოს ყურადღება მიიპყრო და თქვენი სიცოცხლე საქართველოს სიცოცხლის სინონიმად იქცა, ჰოდა გთხოვთ, ნუ მოკლავთ მას…

ამიერიდან შიმშილს მხოლოდ ფატალური შედეგი მოჰყვება, ალბათ ფიქრობთ „ზვარაკად ყოფილა ეს მსხვერპლი“.

მაგრამ დღეს ცოცხალი მზია ამაღლობელი უფრო მეტ კეთილდღეობას მოუტანს სამშობლოს, ვიდრე ზვარაკად შეწირული.

ჩვენი სამშობლოს ინტერესებიდან გამომდინარე, გთხოვთ, შეწყვიტოთ შიმშილობა, სადაც საჭირო იქნება ზვარაკი, ვართ საამისო შვილებიც.

მესმის, რომ გაცილებით რთულია, იცოცხლო სამშობლოსთვის, ვიდრე სიცოცხლე შესწირო მას, მაგრამ მე თავგანწირვაზე და ზვარაკზე უფრო რთულ გზას გთხოვთ… იცოცხლეთ საქართველოსთვის!

პატივისცემით, თქვენი თანამებრძოლი

ზვიად ცეცხლაძე“ – წერს ის.

„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 27-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში” გადაიყვანეს აუცილებელი კვლევებისთვის. ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.