თავიანთი პასუხისმგებლობა აქვთ სამართალდამცველებსაც და სკოლასაც – კილაძე

პუბლიკა

ჩვენ რაც მოვისმინეთ, იქიდან გამომდინარე, შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ მაქსიმალურად უნდა მივაქციოთ სკოლაში განვითარებულ მოვლენებს ყურადღება და არამხოლოდ სამართალდაცვის კუთხით. იმიტომ, რომ სკოლასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთი ტიპის [საქმეებში]“, – განაცხადა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ სახელმწიფო ინსპექტორ ლონდა თოლორაიასთან ლუკა სირაძის საქმესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის შემედეგ.

მისი თქმით, მისი სიტყვების ინტერპრეტირება ისე არ უნდა მოხდეს, თითქოს მთელი ამ საქმის სიმძიმის გადატანა სკოლაზე უნდათ.

„პირველ რიგში გითხარით სამართალდამცველები. პირველ რიგში სკოლა ხომ არ მითქვამს. მე ვთქვი სამართალდამცველები, რომელთაც აქვთ თავიანთი პასუხისმგებლობა, მაგრამ სკოლასაც… თქვენ თუ გინდათ, მითხრათ, რომ სკოლასა და იმ სოციუმს, რომელშიც ბავშვი არის, არ აქვს არავითარი მნიშვნელობა, ამაში ვერ დაგეთანხმებით“, – განაცხადა სოფო კილაძემ.


15 წლის ლუკა სირაძე, რომელმაც, სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა, იაშვილის კლინიკაში გუშინ 17 დეკემბერს გარდაიცვალა.

15 წლის მოზარდმა თვითმკვლელობა 10-11 დეკემბერს პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ სცადა. თვითმკვლელობის მცდელობის მიზეზი, სავარაუდოდ, პოლიციის მხიდან ძალადობა გახდა. მოზარდის დედის და ინტერესების დამცველის ინფორმაციით, განყოფილებაში გამოკითხვის დროს მოზარდზე ძალადობა ინტენსიური იყო, ის რამდენიმე წუთით გაიყვანა განყოფილების თანამშრომელმა ცალკე ოთახში, საიდანაც მოზარდი ატირებული დაბრუნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, პოლიცია მას „მწვანე სკოლის“ კედლების მოხატვის აღიარებას სთხოვდა.

სახელმწიფო ინსპექტორმა ლონდა თოლორაიამ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დაკავებულია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს გამომძიებელი მ.ჩ. მას ბრალი ჩვენების მიცემის იძულებაში ედება.