თბილისის მერიამ მარტოხელა მოხუცების საკვებითა და პირველადი მოხმარების ნივთებით უზრუნველყოფის მეორე ეტაპი დაიწყო

პუბლიკა

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებითა და პირველადი, მათ შორის, ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. თბილისის გამგეობებს მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები და ვირუსისგან დამცავი ფარები წითელი ჯვრის ოფისმა (1500 ნობათი), კომპანია „ანაგმა“ (1000 ნობათი) და კომპანია „სეზანმა“ (5000 სახის დამცავი ფარი) გადასცეს.

თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამგეობების წარმომადგენლები და მოხალისეები მათ დარიგებას დღესვე დაიწყებენ.

„ათივე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მოხალისეები დღეიდან დაიწყებენ კონკრეტულ ოჯახებში ამ ნობათები მიტანას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს, განსაკუთრებული მადლობა კი ვუთხრა ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ძალიან ბევრი პროდუქტი შეუგროვეს გასაჭირში მყოფ ადამიანებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ამ პროდუქტის ადრესატებამდე მიტანას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერიის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კამპანიის ფარგლებში, დახმარება თბილისში მცხოვრებ 1500-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გაეწია.


ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ.