თბილისის მერიას კონტრაქტი აქვს იმ რუსულ კომპანიასთან, რომელიც საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს - მელია

პუბლიკა

პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თბილისის მეტროს რუსულ კომპანია „მეტროვაგონმშენთან“ 170 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი აქვს გაფორმებული. ეს კომპანია კი, მისივე თქმით,  საბრძოლო ტექნიკას აწარმოებს.

„ქალაქის მერს, ბატონ კალაძეს აქვს კონტრაქტი გაფორმებული რუსულ კომპანიასთან  – 170 მილიონი ლარის ღირებულების. ეს ის კომპანიაა, რომელსაც კონტრაქტის თანახმად 44 ვაგონი უნდა მოეწოდებინა თბილისის მეტროსთვის.

ეს კომპანია აწარმოებს რუსულ სამხედრო საბრძოლო ტექნიკას და არის ფლაგმანი რუსული სამხედრო ინდუსტრიისა მუხლუხოებიანი ჟავშანტრანსპორტირების წარმოების მხრივ.

ეს არ არის ჩვეულებრივი კომპანია და ბატონი კალაძე ვინ თუ არა თქვენ, უნდა ყოფილიყავით პირველი ადამიანი, რომელიც ბევრი მიზეზის გამო გამოექომაგებოდა უკრაინას და უკრაინელებს, “- განაცხადა ბრიფინგზე ნიკა მელიამ.

მისივე თქმით, მერია არათუ არ წყვეტს კონტრაქტს ამ კომპანიასთან, არამედ ხმასაც არ იღებს ამის თაობაზე.

„გასაგებია რომ არ უერთდებით სანქციებს, მაგრამ ის მაინც მოახერხეთ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიონობით ლარის ოდენობის ფული პირდაპირ არ ხვდებოდეს მოსკოვში, სამხედრო ინდუსტრიაში, “- მიმართა მელიამ ხელისუფლებას.