ტეხასის დაწყებით სკოლაში სროლის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა

პუბლიკა

აშშ-ში, ტეხასის შტატის ერთ-ერთ დაწყებით სკოლაში, სადაც 7-დან 10 წლამდე ბავშვები სწავლობენ, თავდამსხმელი შეიჭრა და სროლა ატეხა. სროლის შედეგად 19 ბავშვი და ორი ზრდასრული ადამიანი დაიღუპა.

თავდამსხმელი 18 წლის იყო და თან ჰქონდა პისტოლეტი და ნახევრად ავტომატური კარაბინი. ის სკოლაში შეჭრის შემდეგ სამართალდამცველებმა მოკლეს. სალვადორ რამოსმა – პირმა, ვინც სკოლაში შეიჭრა, სავარაუდოდ, თავდაპირველად სახლში, თავის ბებიას ესროლა და მძიმედ დაჭრა, შემდეგ კი სკოლისკენ გაემართა. შტატის პოლიციის განცხადებით, ის მარტო მოქმედებდა.

ქალაქი უვალდი, სადაც თავდასხმა მოხდა, მექსიკის საზღვართან ახლოს მდებარეობს. იქ მდებარეობს სასაზღვრო პოლიციის განყოფილება და 18 წლის თავდამსხმელთან პირველები სწორედ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლები მივიდნენ. სალვადორ რამოსმა ორი მათგანი დაჭრა, მაგრამ ორმხრივი სროლისას დაიღუპა.

როგორც ცნობილია, სალვადორ რამოსი, ისევე როგორც ცოტა ხნის წინ ნიუ-იორკის სასურსათო მაღაზიაში ატეხილი სროლის ავტორი, ჯავშანჟილეტს ატარებდა და სამოქალაქო დანიშნულების კარაბინიდან ისროდა. შეერთებულ შტატებში მათი შეძენა ნებადართულია.

თავდასხმის შედეგად 21 დაღუპულთან ერთად 13 მოსწავლე დაშავდა. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია.

სროლის შემდეგ თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საჭიროა იარაღის კონტროლის გამკაცრება და უკვე დაიღალა ამაზე საუბრით.

„ღვთის გულისათვის, ათობით ბავშვი შეესწრო მათი მეგობრების ხოცვა-ჟლეტას, თითქოს ბრძოლის ველზე იყვნენ. მათ ეს ტრავმა მთელი ცხოვრება უნდა ატარონ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა, მიუსამძიმრა დაღუპულთა ოჯახის წევრებს და თქვა, რომ საჯარო დაწესებულებების შენობებზე მათ პატივსაცემად დროშებს დაუშვებენ.

იარაღის კონტროლის გამკაცრებაზე წარიმართა დებატები აშშ-ის კონგრესშიც. დემოკრატმა სენატორმა, კრის მერფიმ ემოციური სიტყვა წარმოთქვა და მოუწოდა კოლეგებს, რომ საბოლოოდ, შეცვალონ კანონმდებლობა და გაამკაცრონ კონტროლი. სანაცვლოდ, ტეხასელმა სენატორმა ტედ კრუზმა კი განაცხადა, რომ ეს მხოლოდ კანონმორჩილ მოქალაქეებს შეუქმნის ბარიერს, კრიმინალს კი ვერ შეაჩერებს.

LB loan image desktop LB loan image mobile