ტელეკომპანია „დოჟდმა“ ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო

პუბლიკა

ტელეკომპანია „დოჟდმა “ ევროპული მაუწყებლობის ლიცენზია მიიღო. ინფორმაცია ტელეკომპანიის მთავარმა რედაქტორმა ტიხონ ძიატკომ გაავრცელა.

სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ძიატკო წერს, რომ „დოჟდი“ მაუწყებლობას მალე დაიწყებ. ტელეკომპანია მაუწყებლობას სხვადასხვა სტუდიებიდან გეგმავს.

„ბევრი გეგმა გვაქვს: ვგეგმავთ მაუწყებლობას სხვადასხვა სტუდიებიდან – ლატვიაში, ჰოლანდიაში, საფრანგეთსა და საქართველოში. დავიწყოთ მცირედით და თანდათან, რომ გავაფართოოთ საეთერო ბადე. ყველა დეტალი მალე!“ – წერს ძიატკო.

10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში არხის რედაქცია მოსკოვში მუშაობდა, თუმცა მარტის დასაწყისში იძულებული გახდა შეეწყვიტა მაუწყებლობა ე.წ. “ფეიქების კანონის” გამო.

თებერვალში  რუსეთში ტელეკომპანიის ვებსაიტი და სოციალური ქსელები გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილების საფუძველზე დაიბლოკა, ხოლო ჟურნალისტების ნაწილს ემუქრებოდნენ, რამაც რისკის ქვეშ დააყენა ტელეკომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხოება.

ამიტომ  ძიატკომ და სარედაქციო ბორდის ნაწილმა დროებით ქვეყნიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღეს.