ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ  „მთავარი არხის“ დილის გადაცემის ტელეწამყვან ლაშა ნაკაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

„პირველი არხის“ ცნობით, გადაწყვეტილება მოსამართლემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა.

ნაკაიძის ადვოკატმა ლალი ბიბილეიშვილმა სხდომის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. გუშინ კი მან განაცხადა, რომ ლაშა ნაკაიძე ბრალს არ აღიარებს. 

პროკურატურის ინფორმაციით, 15 აგვისტოს, ბრალდებული ლაშა ნაკაიძე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, შურისძიების ნიადაგზე დანის და ხმოვანი პისტოლეტის დემონსტრირებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ა.პ.-ს, ასევე სხეულის სხვადასხვა არეში დარტყმით და მჩხვლეტავი საგნის ზემოქმედებით ფიზიკურად იძალადა მასზე. აღნიშნულის შემდგომ, ბრალდებულმა ძალადობით და ძალადობის მუქარით სექსუალურად იძალადა დაზარალებულზე.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 16 აგვისტოს დააკავეს. პროკურატურამ მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 137-ე მუხლის პირველი ნაწილით (გაუპატიურება), 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა 151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით (სიცოცხლის მოსპობის მუქარა ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

LB loan image desktop LB loan image mobile