ორგანიზაციის ანალიზის მიხედვით, მამუკა მდინარაძის ახალი თანამდებობა აჩენს ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალ რისკს და კითხვებს სასამართლო ხელისუფლების, პროკურატურისა და აუდიტის სამსახურის დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.
კანონის მიხედვით,
- მთავრობის შემადგენლობაში იქნება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში;
- მისი საქმიანობის მატერიალურ-ტექნიკურ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას განახორციელებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
- მისი უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ.
რაც შეეხება უფლებამოსილებებს, მთავრობის დადგენილების მიხედვით, თანამდებობა შექმნილია შემდეგი მიზნებით:
- სამართალდამცავ ორგანოებს შორის თანამშრომლობის გაძლიერება;
- ერთობლივი ოპერაციების დაგეგმვის ხელშეწყობა;
- ინფორმაციის გაცვლის სტანდარტების დანერგვა;
- მათი საქმიანობის ეფექტიანობის შეფასება და პრობლემური მიმართულებების იდენტიფიცირება;
- „კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში”, საქართველოს მთავრობის საქართველოს პროკურატურასთან, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და სასამართლო ხელისუფლებასთან კოორდინაცია/კომუნიკაცია.
TI-ის განცხადებით, დანაშაულთან ბრძოლის კუთხით სამართალდამცავი ორგანოების მაკოორდინირებელი ორგანო საქართველოში უკვე არსებობს და ეს არის საქართველოს პროკურატურა. მთავრობის ინიციატივით შექმნილი ახალი სახელმწიფო უწყება კი ნაწილობრივ იმ ფუნქციებს შეასრულებს, რომლებიც პროკურატურას აქვს.
შესაბამისად, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, საქართველოში დადგენილი ნორმატიული აქტების იერარქიიდან გამომდინარე, „საკანონმდებლო ცვლილებები წინააღმდეგობაშია ჩვეულებრივ კანონზე უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ორგანული კანონის დებულებებთან“.
„უწყებები, რომელთა „საერთო კოორდინაციისა” და „უსაფრთხოების სფეროში კოორდინაციის” მიზნით შეიქმნა ახალი სახელმწიფო უწყება, მოქმედი კანონმდებლობით სხვადასხვა ფუნქციებს ასრულებენ:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ამოცანაა დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევების შესაძლო საფრთხის თავიდან აცილებისა და აღკვეთის პროფილაქტიკური ღონისძიებების განხორციელება, მათი გამოვლენა, გამოძიება, საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა და სხვ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანებია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და სამხედრო პოტენციალის უცხო ქვეყნების სპეციალური სამსახურებისა და ცალკეულ პირთა მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან დაცვა; ქვეყნის ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ტერორიზმთან ბრძოლა; ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის და საერთაშორისო დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და სხვ.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამოცანაა, მართლსაწინააღმდეგო ქმედებისაგან დაიცვას მაღალი თანამდებობის პირები.
ამ სხვადასხვა ფუნქციებისა და ამოცანების მქონე უწყებების ერთიანი მაკოორდინირებელი ორგანოს შექმნით წარმოიშობა ძალაუფლების კონცენტრაციის მაღალი რისკი. აუცილებელია, რომ ე.წ. მაკოორდინირებელმა ორგანომ არ უნდა ჩაანაცვლოს ან გადაფაროს მათი დამოუკიდებელი მანდატები“, – აღნიშნავს TI.
ორგანიზაციის შეფასებით, კანონიერებისა და საკანონმდებლო აქტების იერარქიულობის პრინციპები არა მხოლოდ ორგანული კანონის და კანონების მიმართ ირღვევა, არამედ, კონსტიტუციასთან მიმართებითაც.
ასევე, TI მიიჩნევს, რომ მთლიანობაში კანონიც და მთავრობის დადგენილებაც სრულ წინააღმდეგობაშია ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპთან, რაც ნებისმიერი დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუძემდებლური პრინციპია.
ვრცლად განცხადება წაიკითხეთ ბმულზე.