აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები პარასკევს მიუნხენში უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვდებიან, რათა მოლაპარაკებები გაიმართოს უკრაინაში ომის დასრულების შესახებ.
„რუსეთი იქნება იქ ჩვენს ხალხთან ერთად“, – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.
„უკრაინაც მიწვეულია, ზუსტად არ ვიცი, ვინ იქნება იქ რომელიმე ქვეყნიდან, მაგრამ – მაღალი რანგის პირები რუსეთიდან, უკრაინიდან და შეერთებული შტატებიდან“, – თქვა ტრამპმა.
BBC წერს, რომ რუსეთს, რომელიც ოფიციალურად არ ესწრება ყოველწლიურ ფორუმს გერმანიაში, კომენტარი არ გაუკეთებია და უკრაინის მაღალჩინოსანმა თქვა, რომ „რუსებთან მოლაპარაკებები მიუნხენში“ მოსალოდნელი არ არის.
მანამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე უკრაინის გარეშე მიღებულ შეთანხმებას არ მიიღებს. ვოლოდიმირ ზელენსკი მიუნხენში შეხვდება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენ ჯეი დი ვენს.
აშშ-ის პრეზიდენტმა მიუნხენში სამმხრივი შეხვედრის შესახებ ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, დამატებითი დეტალების გარეშე. თუმცა ზელენსკის მრჩეველმა დიმიტრო ლიტვინმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ უკრაინის დელეგაცია არ აპირებს ასეთ შეხვედრაზე დასწრებას.
ტრამპმა ეს განცხადება გააკეთა ჯერ პუტინთან, შემდეგ კი ზელენსკისთან სატელეფონო საუბრებიდან ერთი დღის შემდეგ.