ტრამპის თქმით, პუტინს უთხრა, რომ არ უპასუხოს კიევის მიერ აეროდრომებზე თავდასხმას

პუბლიკა

ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრისას ჟურნალისტებთან ისაუბრა გუშინ, რუსეთი პრეზიდენტ პუტინთან საუბარზე. ტრამპის თქმით, პუტინს მოუწოდა, არ მიეღო საპასუხო ზომები უკრაინის მიერ რუსეთში სამხედრო აეროდრომებზე დარტყმებისთვის.

„მე ვუთხარი: „არ გააკეთო ეს, არ უნდა გააკეთო, უნდა შეწყვიტო“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მისივე თქმით, პუტინმა უთხრა, რომ „მას სხვა გზა არ ჰქონდა“, გარდა პასუხის გაცემისა. აშშ-ის პრეზიდენტი ამბობს, რომ ომის შეჩერება რთული იყო, რადგან რუსეთსა და უკრაინას შორის „ბევრი უთანხმოებაა“ და პუტინსა და ზელენსკის შორის სიძულვილი.

ფრიდრიხ მერცმა, თავის მხრივ, მოუწოდა ტრამპს, გაეზარდა ზეწოლა რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ მხარდაჭერა გავუწიეთ უკრაინას და რომ ჩვენ ვცდილობთ რუსეთზე ზეწოლის გაზრდას“, – თქვა მან.

მერცის თქმით, ტრამპი არის საკვანძო პიროვნება, რომელსაც შეუძლია ომის დასრულება. ის ამბობს, რომ „ყველას გვაქვს მოვალეობა“, რაღაც გავაკეთოთ ომის შესაჩერებლად და დასძენს, რომ მისი პირადი შეხედულება „ნათელია“.

„ჩვენ უკრაინის მხარეს ვართ და ვცდილობთ, ისინი უფრო და უფრო გაძლიერდნენ, რათა პუტინმა შეაჩეროს ეს ომი“.


1 ივნისს უკრაინამ რუსეთის ოთხ სამხედრო აეროდრომზე დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU) ინფორმაციით, რუსეთის აეროდრომებზე განხორციელებული სპეციალური ოპერაციის შედეგად, რუსეთის სტრატეგიული ავიაციის, დაახლოებით, 7 მილიარდი დოლარის ღირებულების ტექნიკა დაზიანდა.

მათივე ცნობით, იერიშის შედეგად განადგურდა რუსეთის საკვანძო ავიაბაზებზე მყოფი სტრატეგიული ფრთოსანი სარაკეტო მატარებლების 34%.