ტრამპმა ლოს-ანჯელესში არეულობის ჩასახშობად ეროვნული გვარდია გაგზავნა

პუბლიკა

ლოს-ანჯელესში საიმიგრაციო და საბაჟო აღსრულების სამსახურის (ICE) მიერ ჩატარებულ რეიდებს საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. პარასკევს საღამოს დემონსტრანტებსა და სამართალდამცველებს შორის დაწყებული შეტაკებების საპასუხოდ, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა მემორანდუმს, რომელიც კალიფორნიაში „უკანონობის წინააღმდეგ საბრძოლველად 2000 ეროვნული გვარდიის წევრის განლაგებას“ ითვალისწინებს.

გადაწყვეტილებას კრიტიკით უპასუხა კალიფორნიის შტატის გუბერნატორმა, გევინ ნიუსომმა, ამ ნაბიჯს „მიზანმიმართული პროვოკაციული“ უწოდა და თქვა, რომ ეს მხოლოდ გაამწვავებს დაძაბულობას. მან ასევე დემონსტრანტებს მოუწოდა, პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ.

კვირა დილით გამოქვეყნებულ პოსტში ტრამპმა ეროვნულ გვარდიას მადლობა გადაუხადა თქვა, რომ მათ შესანიშნავად იმუშავეს „ორდღიანი ძალადობის, შეტაკებების და არეულობის შემდეგ“. მისივე თქმით, „რადიკალური მემარცხენეების ეს პროტესტები, რომლებსაც წამქეზებლები და ხშირად დაქირავებული არეულობის მომწყობები ახორციელებენ“ არ იქნება შეწყნარებული.

„ამიერიდან ნიღბების ტარება აკრძალული იქნება საპროტესტო აქციებზე. რა აქვს ამ ხალხს დასამალი და რატომ? კიდევ ერთხელ, მადლობა ეროვნულ გვარდიას კარგად შესრულებული სამუშაოსთვის“, – დაწერა ტრამპმა.

ICE-ის ოპერაციების შედეგად, ამ კვირაში ლოს-ანჯელესში ჯამში 118 ადამიანი დააკავეს, მათ შორის 44 პარასკევს. კალიფორნიის გუბერნატორმა რეიდები დაგმო და „სასტიკი“ უწოდა.

მოგვიანებით დემონსტრაციების ცენტრში მოექცა ლოს-ანჯელესის ცენტრში მდებარე ფედერალური შენობა, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ შენობაში სავარაუდოდ დაკავებულები იმყოფებოდნენ. შენობაზე გრაფიტი მიახატეს, დემონსტრანტებმა პოლიციის მიმართულებით საგნები ისროლეს, CBS იუწყება, რომ ამან გამოიწვია შეკრების უკანონოდ გამოცხადება. შაბათს, ლოს-ანჯელესის ოლქის შერიფის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პროტესტის კიდევ ერთი კერა გაჩნდა პარამაუნტში.

დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და სხვა საშუალებები გამოიყენეს. ლოს-ანჯელესის პოლიციამ განაცხადა, რომ არიან დაკავებულები. მათი ზუსტი რაოდენობა ამ დროისთვის უცნობია.