თსუ დისკრიმინაციაზე ომბუდსმენის რეკომენდაციებს პასუხობს

პუბლიკა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი თსუ-ის მიერ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენაზე გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მათი მხრიდან უფლების დარღვევას, მით უმეტეს მიზანმიმართულად,  უარყოფენ.

„საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 27 თებერვლის რეკომენდაციებში აღნიშნული პირების უფლებები შრომითი ურთიერთობების არც ერთ ეტაპზე არ დარღვეულა.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად პერსონალის მოწვევა ხდება უნივერსიტეტისა და ფაკულტეტის მიერ დადგენილი წესისა და საქართველოს შრომის კოდექსის საფუძველზე.

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ზედმიწევნით იცავს პერსონალთა მოწვევის წესს. ამ კონკრეტული ლექტორების შემთხვევაში შეიძლება აღინიშნოს, რომ ისინი არ არიან აკადემიურ თანამდებობაზე არჩეული პირები, მათთან თსუ-ს ჰქონდა გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება გარკვეული ვადით, რომელიც ამოიწურა.

ამდენად, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხრიდან უფლების დარღვევას, მით უმეტეს მიზანმიმართულად, არ აქვს ადგილი. იგი მოქმედებს მისთვის მინიჭებული დისკრეციის ფარგლებში. უნივერსიტეტი ყოველთვის მოქმედებდა და იმოქმედებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად“. – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც „პუბლიკას“ თსუ საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტმა მიაწოდა.

საქართველოს სახალხო დამცველმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაციის დადგენის შესახებ ორი რეკომენდაციით მიმართა.

ომბუდსმენის განცხადებით, საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განმცხადებლები, მოწვეული ლექტორის სტატუსით, წლების განმავლობაში კითხულობდნენ ლექციებს უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე. ისინი ფაკულტეტზე არსებული მდგომარეობის შესახებ საჯაროდ გამოხატავდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს, რის გამოც ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა მათ პროფესორად მოწვევაზე უარი განაცხადა. აღნიშნულის დასადასტურებლად განმცხადებლებმა ელექტრონული მიმოწერა წარმოადგინეს.

LB loan image desktop LB loan image mobile