თუ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 100 000 ან ნაკლები იქნება, ესე იგი, შესანიშნავად ვიმუშავეთ – ტრამპი

პუბლიკა

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში სოციალური დისტანციის დაცვისთვის დაწესებული რეგულაციები 30 აპრილამდე გაგრძელდება.

ტრამპი, რომელიც იმედოვნებდა, რომ ქვეყანა ჩვეულ რიტმს სააღდგომოდ დაბრუნდებოდა, ამბობს, რომ აშშ-ში კორონავირუსით გარდაცვალების ყოველდღიური მაჩვენებელი პიკს ორ კვირაში მიაღწევს და ქვეყანა საამისოდ მზად უნდა იყოს, შემდეგ კი პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ კორონავირუსის გავრცელება კლებას დაიწყებს.

„იმაზე უარესი არაფერია, ვიდრე გამოაცხადო გამარჯვება, სანამ მართლა გაიმარჯვებ. ეს ყველაზე დიდი დამარცხება იქნება“, – განაცხადა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, სოციალური დისტანცია არის გზა ვირუსის დასამარცხებლად. „2.2 მილიონი ადამიანი დაიღუპებოდა, თუკი არ გავაკეთბდით იმას, რასაც ვაკეთებთ“, – თქვა პრეზიდენტმა კორონავირუსთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე და დაამატა, რომ თუ ეს რიცხვი შემცირდება 100 000-მდე ან კიდევ უფრო ნაკლებ გარდაცვლილამდე, ეს იმას ნიშნავს, რომ მისმა ადმინისტრაციამ შესანიშნავად იმუშავა.

აშშ-ში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 140 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 2500-მდე ადამიანი გარდაიცვალა.