თუ დღეს ბოროტების მანქანა უკრაინაში არ შეჩერდება, ხვალ ჩვენი რიგი დადგება - ეპისკოპოსი მელქისედეკი

პუბლიკა

„თუკი დღეს უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება“, – წერს მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე სოციალურ ქსელში.

„შეუძლებელია იმ ტრაგედიის აღწერა, რომელიც ბუჩაში დაატრიალეს რუსულმა საოკუპაციო ძალებმა. ესაა ჩვენ თვალწინ, ოცდამეერთე საუკუნეში არსებული ფაშიზმისა და ნაციზმის შედეგები. ამ ყველაფრის ჩამდენებსა და მხარდამჭერებს შეუძლებელია რაიმე საერთო ჰქონდეთ არათუ ქრისტიანობასთან, არამედ ნებისმიერ ადამიანურ თვისებასთანაც კი. ეს რუსული საოკუპაციო ძალების ხელწერაა. მათ იგივე გააკეთეს აფხაზეთში, სამაჩაბლოში, ჩეჩნეთსა და სირიაში, იგივეს აკეთებენ ახლა- უკრაინაში და იმავეს გააკეთებენ ხვალ-სხვაგან.

თუკი დღეს, უკრაინაში არ შეჩერდება რუსული ბოროტების მანქანა, ხვალ ჩვენი და სხვა ქვეყნების რიგი დადგება და ნურავის ექნება იმის ილუზია, რომ მის სამშობლოში შესული რუსული ჯარები ბუჩასგან განსხვავებულად მოიქცევიან. უკრაინა არაა დამნაშავე, უკრაინა არ ისჯება ცოდვებისთვის, ეს რუსული საოკუპაციო ჯარები არიან, რომლებიც საკუთარი ცოდვების სხვებზე გადაბრალებით ცდილობენ გამართლებას. ნუ ავყვებით მტრის პროპაგანდას და ვილოცოთ, რომ უკრაინასა და საქართველოში მალე დასრულდეს რუსული ოკუპაცია“, – წერს ეპისკოპოსი მელქისედეკი.