თუ მარიუპოლში ქიმიური იარაღის გამოყენება დადასტურდება, პუტინი პასუხისგებაში მიეცემა - ტრასი

პუბლიკა

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში რუსული სამხედრო ძალების მიერ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებას გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთი საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი.

მან Twitter-ზე დაწერა, რომ ისინი მუშაობენ პარტნიორებთან ერთად ამ ინფორმაციის გადასამოწმებლად.

„ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერება მარიუპოლის მოსახლეობაზე თავდასხმისას. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან დეტალების გადასამოწმებლად.

ასეთი იარაღის ნებისმიერი გამოყენება იქნება ამ კონფლიქტის თავხედური ესკალაცია. ჩვენ პუტინს და მის რეჟიმს პასუხისგებაში მივცემთ, “ – წერს ლიზ ტრასი. 

მარიუპოლში ქიმური იარაღის შესაძლო გამოყენებაზე კომენტარი გააკეთეს გუშინ პენტაგონშიც. მედიასთან პენტაგონის პრესსპიკერმა ჯონ კირბიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის ვერაფერს ადასტურებენ, მუშაობენ უფრო მეტი დეტალის გასარკვევად. მისი თქმით, თუ ეს დადასტურდება, ღრმად შეშფოთების საგანი იქნება.

გუშინ, მარიუპოლში ქიმური ნივთიერების, ე.წ. ზარინის გამოყენების შესახებ  ინფორმაცია „აზოვის“ ბატალიონის წევრებმა გაავრცელეს. ამის შესახებ „აზოვის“ ლიდერმა ანდრეი ბელეცკიმ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.