თუ მოქალაქეები პასუხისმგებლობას არ გამოიჩენენ, საგანგებო მდგომარეობაზე გადავალთ - ხუნდაძე

პუბლიკა

პარლამენტში ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა გამოიჩინონ მოქალაქეობრივი, სოციალური პასუხისმგებლობა.

მისი თქმით, ქვეყნებს, სადაც არ იყო მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა , მდგომარეობა გაურთულდათ.

„სწორედ იმ ქვეყნებში, სადაც მოქალაქეობრივი, სოციალური პასუხისმგებლობა არის დაბალ დონეზე, სწორედ ამ ქვეყნებს გაურთულდათ მდგომარეობა. მაგ: ჩინეთმა, სამხრეთ კორეამ… სხვა მიზეზების გარდა ისიც იყო, რომ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა იყო ძალიან მაღალი და ამიტომ, პრაქტიკულად, დასძლიეს ეს მძიმე მდგომარეობა. იტალიაში სწორედ ამის დეფიციტი იყო. მათ ახლა ძალიან რთულად აქვთ სამართავი ეს პროცესი.

ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, რასაც ვერ გააკეთებს პრემიერი, ვერც საკოორდინატო საბჭო, ვერც პოლიციელი, ეს თვითონ მოქალაქემ უნდა შეასრულოს“ , – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

ხუნდაძის თქმით, შესაძლოა რამდენიმე დღეში მივიღოთ საგანგებო მდგომარეობა, იმ შემთხვევაში თუ მოქალაქეები არ გამოიჩენენ პასუხისმგებლობას არსებული ვითარებიდან გამომდინარე.

„ჩვენ რატომ ვთვლით, რომ შესაძლოა, რამდენიმე დღეში მივიღოთ საგანგებო მდგომარეობა? ჩვენ ძალიან ბევრი რეგულაცია შემადგენელი საგანგებო მდგომარეობის განვახორციელეთ და სწორედ ამან მოგვცა შემსუბუქებული ვითარება, კონტროლირებადია სიტუაცია და გვაქვს დაბალი მაჩვენებელი. ზიანისა გარეშე და ასევე ტყუილის გარეშე. არის ქვეყნები, რომლებიც არასწორ სტატისტიკას აქვეყნებს. ჩვენთან არის რეალური ციფრები.  მაგრამ აუცილებელია ის, რომ მოქალაქეებმა ეს ვითარება გაითავისონ და პასუხისმგებლობა აიღონ. თუ ეს დეფიციტი იქნება, აუცილებლად მოგვიწევს საგანგებო ვითარებაზე გადასვლა. მას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მომენტები“, – განაცხადა ხუნდაძემ „ტვ პირველის“ ეთერში.

საქართველოში covid 19-ით ინფიცირების 40 შემთხვევაა დადასტურებული.

მთავრობის ადმნისტრაციის მეირ შექმნილი ვებგვერდის stopcov.ge-ის მონაცემებით კარანტინის რეჟიმში იმყოფება 1592 ადამიანი, ხოლო  სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 262.