თუ „ოცნება“ 40%-ს ვერ მიიღებს არჩევნებში, განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნას არჩევნებზე - თალაკვაძე

პუბლიკა

„მზად ვართ, 40%-იანი მხარდაჭერის პრინციპი გამოვიყენოთ, რაც ნიშნავს, რომ თუ მმართველი პარტია 40%-ს ვერ მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში, განვიხილავთ ოპოზიციის მოთხოვნებს არჩევნებთან დაკავშირებით“, – ამის შესახებ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

„ჩვენ არათუ კრისტიან დანიელსონის მიერ შემუშავებულ დოკუმენტს ვაწერთ ხელს, მეტიც, დამატებით გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, რომ მიიღოს გადაწყვეტილება ისე, სახე შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას.

ხაზგასმით ვამბობთ, ეს კავშირში არ გახლავთ ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებთან და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენ საზოგადოებას და პარტნიორებს კიდევ ერთხელ დავანახოთ თუ როგორია ,,ქართული ოცნების“ მიდგომა სახელმწიფო და საზოგადოებრივი ინტერესების მიმართ და თუ როგორი კონსტრუქციული და ჯანსაღი დამოკიდებულება გვქონდა ჩვენ შემოთავაზებულ პირობებთან მიმართებაში.“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა, არჩილ თალაკვაძის თქმით, „ქართული ოცნება“ საჯაროდ მოაწერს ხელს კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს.