თუ პიკიდან არაუმეტეს 1000 შემთხვევით გამოვედით, ჩათვალეთ, მინიმალური დანაკარგია - ცერცვაძე

პუბლიკა

„ჩვენ რომ გამოვიდეთ ამ პიკიდან არაუმეტეს 1000 შემთხვევით, ჩათვალეთ, რომ საქართველო ამ ეპიდემიიდან მინიმალური დანაკარგით გამოვიდა“, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „TV პირველის” ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი პირადი აზრით, პიკი იქნება დაახლოებით 2-3 კვირის შემდეგ, მერე კიდევ 2-3 კვირა იქნება პლატო და შემდეგ [ახალ შემთხვევათა რაოდენობა] იკლებს.

მისი თქმით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ვირუსის შიდა გავრცელების ფაზაშია, ახალი შემთხვევების ათეულობით მატება კარგი მაჩვენებელია.

„მოგეხსენებათ, რომ საფრანგეთში მხოლოდ 1 დღე-ღამეში 1500-მდე ადამიანი მხოლოდ გარდაიცვალა, რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, რიცხვი ზუსტად აღარც მახსოვს და ასეა ევროპის ქვეყნების დიდ უმრავლესობაში.

ამ ფონზე ჩვენთან ჯერ 20-ზე მეტით მატება არ ყოფილა [ერთ დღეში] და იმ სტადიაში, რომელშიც ახლა ვართ, რა დღეშიც არის დანარჩენი მსოფლიო და დანარჩენი ევროპა, კარგია. თუ ასე გაგრძელდა, ჩვენ შევძლებთ, რომ თავიდან ავიცილოთ მსხვილმასტაბიანი, დამანგრეველი ეპიდემია, რომელმაც ფაქტობრივად ევროპის მთელი კონტინენტი დაფარა. ამის თავიდან აცილებას შევძლებთ.

თავად დათვალეთ – თუ ყოველდღე იქნა არაუმეტეს 20 შემთხვევისა, ეს ნიშნავს ერთი თვის მანძილზე 600 შემთხვევას. სხვა ქვეყნებში 600 შემთხვევა ერთ დღეშია. ეს თუ უსასრულოდ გაგრძელდა, საქართველოსთვისაც კატასტროფა იქნება, მაგრამ მე ვიტოვებ იმედს, რომ რაღაცა დროს პიკი გადაივლის“, – განაცხადა ცერცვაძემ.