თუ სინოდის სხდომა დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია – მეუფე პეტრე

პუბლიკა

თუ წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და მიემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია, – ასე უპასუხა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ სინოდის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტების შეკითხვას, მისდამი შესაძლო სასჯელის დაწესების შესახებ.

„ჭეშმარიტება არის მარადიული. მირჩევნია სიმართლისთვის დავისაჯო, ვიდრე ტყუილისთვის გავმართლდე. ღმერთი არის სიმართლეში და ბოლო სიტყვას იტყვის უფალი.

რაც შეეხება ჩემთან დამოკიდებულებას, სასჯელს, თუ დღევანდელი დღე და წმინდა სინოდის სხდომა გადაიქცევა და დაემსგავსება პილატეს სასამართლოს, ყველაფერი შესაძლებელია,“ – განაცხადა მეუფე პეტრემ.

საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს. ჯერჯერობით,  ცნობილი არ არის სინოდის სხდომის დღის წესრიგი.