თუ ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სექტორს, შევძლებთ, მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა – თალაკვაძე

პუბლიკა

დღეს საქართველოს პარლამენტში ბიუროს სხდომა გაიმართა. შეხვედრა ე.წ. კინოდარბაზში ჩატარდა, დეპუტატებს ერთმანეთისგან სოციალური დისტანციის დაცვის საშუალება რომ ჰქონოდათ.

ბიუროს სხდომა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ კორონავირუსზე საუბრით გახსნა და აღნიშნა, რომ ხელისუფლების საზრუნავია, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა. მეორე საკითხია ქვეყნის ეკონომიკური სტაბილიზაცია და ეკონომიკის აღდგენის ინტენსიური გეგმა, რაზეც, თალაკვაძის განცხადებით, მთავრობის გუნდი ინტენსიურად მუშაობს.

„პოსტკრიზისულ პერიოდში მთავრობა ჩვენი ჩართულობით და ერთიანი მუშაობის შედეგად წარმოადგენს კონკრეტული ეკონომიკური ინტერვეციების პაკეტსაც”, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ეფექტიანად მოხერხდა ვირუსის მასობრივი გავრცელების შეკავება.

„საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი სამაგალითო ქვეყანა, რომელმაც საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და უსაფრთხოების ზომები მიიღო პირველად, დროულად და ეფექტიანად.

ხაზგასმით მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ საქართველომ თუ ეფექტიანად შეძლო პირველი ეტაპის მართვა, ეს არ არის გარანტია, რომ ვირუსის გავრცელების შემდეგი ეტაპი იქნება ასევე დაბალი გავრცელების, თუ … და ეს თუ არის  ძალიან მნიშვნელოვანი, ვინაიდან, თითოეულმა მოქალაქემ ექიმებთან, ექთნებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად უნდა შეასრულოს რეკომენდაციები და წესები. თითოეული მოქალაქის მიერ პასუხისმგებლობის გააზრება და ამ წესების დაცვა შეიძლება იყოს იმის პირობა, რომ საქართველომ სხვა ეტაპზეც დაბალი მრუდი შეინარჩუნოს. სხვა შემთხვევაში გარდაუვალი იქნება გავრცელების მაღალი რისკი

თუ ეს პირობები შესრულდება განუხრელად და ყველა მოქალაქე დავეხმარებით ჯანდაცვის სექტორს, რომ ეფექტიანად იყოს მართული ვირუსის შემდეგი ეტაპი, სადაც პიკი არის მოსალოდნელი, მაშინ ჩვენ შევძლებთ, რომ მაისიდან, სავარაუდოდ, მაისიდან დავიწყოთ ზომების მოხსნა”, – განაცხადა თალაკვაძემ.