თუკი პირბადის ტარების მაჩვენებლით 95%-ზე ავალთ, მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გვექნება - გამყრელიძე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „ჯანმრთელობის გაზომვათა ინსტიტუტის“ ბოლო განახლების მიხედვით, ეპიდსიტუაციასთან დაკავშირებით ქვეყანაში დადებითი ტენდენციებია. კერძოდ, ნიღბის ტარების მაჩვენებელი 75%-ზეა ასული.

„თუ ჩვენ 95%-ზე ავალთ, გვეუბნებიან, რომ მაისისთვის სიკვდილიანობა უკვე ერთეული გვექნება და ყოველდღიურ შემთხვევებში 10-დან 77-ის ფარგლებში ჩამოვალთ. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ რეგულაციების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ნიღბის ტარებას. ასევე გამოვლენა, თუ ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა, რომ ერთს ვავლენდით და 2.5-3-ს ვერ ვავლენდით, ეს ჩამოსულია ქვემოთ და ყველა ერთ გამოვლენილზე უკვე 1-1.5 არ ვლინდება.

ეპიდსიტუაცია მიდის სტაბილიზაციისკენ. ბოლო ერთი თვის განმავლობაში გვაქვს ახალი შემთხვევებისა და ინფექციის გავრცელების ყოველდღიურად კლების ტენდენცია, მაგრამ ეს დამშვიდების საფუძველს არ გვაძლევს, რადგან ევროპაში სიტუაცია დაძაბულია, მიმოსვლა სერიოზულია. ჰელსმეტრიკის ინტიტუტმა „კარგად“ შეგვიფასა შეზღუდვების ის კომპლექსი, რომელიც ქვეყანაში მუშაობს – 6 ბალიდან, რაც უმაღლესია, როდესაც ძალიან მკაცრია შეზღუდვები, ჩვენ დღეს დაახლოებით 5 ბალს ვაკმაყოფილებთ. ერთდროულად გვაქვს 16-დან 20-მდე სხვადასხვა შემზღუდავი ღონისძიება და ერთობლივად ამ შემზღუდავმა ღონისძიებებმა, ასევე ტესტირებაზე მეტმა ხელმისაწვდომობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ ადვილად ვავლენთ ახალ ინფიცირებულებს და შემთხვევების რაოდენობა იკლებს“, – განაცხადა გამყრელიძემ.